ეს ტექსტიც, ჩვენი წინა წერილის მსგავსად, თითქმის, 100 წლის წინათაა დაწერილი.
,,…ჩვენმა ღვდელმა არ იცოდა წერა-კითხვა, გამეიტანდა სახარებას, დაზეპირებული ქე ქონდა თავიდან ბოლომდე და ვითამ კითხულობდა, არიგებდა ხალხს: რავაც ამ სახარებაში წერია ისთე მეიქეცითო. ხანდახან დაზეპირებულის თქმაი რომ მოწყინდებოდა, ხალხს ეტყოდა: თქვენც იცით, ამის შემდექ რა წერია და რეღეიზა ვიკითხო და ვიმწვალოვო. ხალხი ერხმათ შესძახებდა, რომე არაა საჭიროვო… ერ დღეს, ღვდელს რომ მიქონდა საკურთხეველში სახარება, ერთმა მოხუცებულმა უთხრა: მე არ ვიცი, ბატონო, რა სწერია მაგ სახარებაში და წამიკითხეო. ამ თქმაზე ღვდელმა შეწუხთა, რადგან წაკითხვა არ იცოდა, რა ექნა, არ იცოდა, მარა მაინც გამეიგონა ხერხი და უთხრა: თუ არ იცი ამ სახარებაში რაი წერია, რომ წევიკითხო, მაინც რაღას მიხთებიო და ქე წეიღო საკურთხეველში სახარება. ამის შემდეგ, ხალხში მითქმა-მოთქმა შეიქნა: ჩვენ ღვდელს წერა-კითხვა არ ცოდნიაო.”