ქვემოთ მოყვანილი წერილის ავტორი ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე ხელაძე, რომელიც ბევრს იღწვოდა, რათა ქართველებში განათლება შეეტანა. ის დაიბადა 1846 წელს მამათში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდან სწავლა-განათლებისამი დიდი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. მრავალი სიძნელის გადალახვის შემდეგ მან შეძლო საკუთარი სტამბის შექმნა. ზაქარია ჭიჭინაძის თქმით ,,ექვთიმე ხელაძემ სტამბის საქმეებში საკმარისი ენერგია გამოიჩინა. ეს ცოტაა, მან ეს არ იკმარა. მან სტამბას მიაჩვია ქართველთა შვილები, თორემ მინამდე ქართველები ახლოსაც არ ეკარებოდნენ სასტამბო საქმეებს, ბაყლობას, კინტოობას და მენახშირეობას მისდევდნენ და სტამბას კი ახლოსაც არ ეკარებოდნენ. ამისათვის ექ. ხელაძემ დაიწყო გურიიდამ გურული ბიჭების ჩამოყვანა და შეგირდათ აყვანა სტამბაში. სამი წლის განმავლობაში სტამბა ამან გურულის წერა-კითხვის მცოდნე შაგირდებით გაავსო”.
წინამდებარე წერილში ხელაძე მშობლიური სოფლის იმდროინდელ მდგომარეობას აცნობდა მკითხველს. ტექსტს დართული აქვს ჩემი კომენტარები.
გაზეთი ,,დროება”, #19, 1872.
,,ვის არ მოეხსენება, რომ წინეთ გურიაში, სიფიცხისა და დაუდევრობის გამო, ძრიელ ბევრი კაცის მკვლელობა ხდებოდა ხოლმე: ვისმე რომ შეეგინებინა გურულისათვის, ის მაშინვე გაბრაზიანებული ახტებოდა და ზედ მივარდებოდა ხანჯლით და დამბაჩით: ,,ღმერთო კი მოჰკალი გოგია, მაგისთანა ყაზახმა, რომ შეაგინოს! თავი რათ მინდა ცოცხალიო, ამისთანა აბდალა ყაზილარმა რომ დამიბრიყვოსო!” ერთს კი არ დაჯერდებოდა, იძრობდა ხანჯალს, დამბაჩას, თოფს, ხმალს და ეგრე აღელვებული მივარდებოდა სასიკვდილოთ კაცს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, თუ პირველი პირი ითხოვდა დანაშაულობის მიტევებას, იქნება მაშინ ცოცხალი დარჩენილიყო, თუ არა და ხშირათ სიცოცხლეს გაუქრობდა ხოლმე. ამისთანა უბედურება გურიაში მანამ ძრიელ ხშირათ ხდებოდა ხოლმე.
ეხლა, ჩვენდა სასიამოვნოთ, ამისთანა ამბებს ძალიან ძნელათ გაიგონებთ: ხალხი უფრო დამშვიდებულა და დაწყნარებულა. დროებას სხვა ცვლილებაც მოუსხდენია აქაურებზე და ზოგიერთი ამათგანი სანუგეშოა: ამ სამი წლის წინათ ჩვენ პატარა სოფელს, მამათს, ერთი ოდის მეტს ვერ იპოვნიდით (მაღალ ბალკონიანი და ბუხრიანი სახლი). ეხლა კი უკანასკნელ ათს ოდას ნახავთ. უგრძვნიათ, რომ შუაზედ დანთებული ცეცხლის ბოლი (ფუტი) თვალებს წყენს”.
კომენტარი: XX საუკუნის 30-იან წლებამდე გურიაში იშვიათად აშენებდნენ ორსართულიან ოდა-სახლებს. მაშინ თითქმის ყველა ოჯახს ერთსართულიანი ოდა ედგა, რომელიც კრამიტით ან როგორც მას ეძახდნენ ,,ქერაბინით” იყო გადახურული. ამ ,,ქერაბინს” სოფელ აკეთში ამზადებდნენ თურმე.
,,ცხენებს მანამ ამ პატარა სოფელში ხუთს ძლივსღა იპოვნიდით, ეხლა კი თითო კომლი ერთ ორ ცხენსაც არ დაჯერებულა, მაგრამ მის ნაცვლად, საუბედუროთ, ქურდობა გაჩენილა ძრიელ. კვირა არ წავა თურმე, რომ თითო-ოროლა არ დაიკარგოს და ცხენი, ხარი, ძროხა არ მოიპარონ. ამ ქურდობის თაობაზედ ჯუმათის და ძიმითის საზოგადოება ყრილობას აპირობენ, უნდა მოილაპარაკონ და გამოიყვანონ ქურდები და შეწამებული კაცები და წარუდგინონ უეზდის ნაჩალნიკს;
ღვინო, როგორც სხვა საქართველოს ადგილებში, გურიაშიც აგერ ოცი წელიწადია, რაც ნაკლებად მოდიოდა; მაგრამ შარშან სრულებით არ მოსულა; ნამეტნავად მაღალი ხის ვენახის პატრონები სრულებით უღვინოთ დარჩენილან. ეხლა დაბალი ოდესის ვენახი შემოუღიათ აქ და აქაურებს იმედი აქვთ, რომ შემდეგში თავის სამყოფი ღვინო მოუვათ. ამბობენ, რომ ამ ვენახის ღვინო კარგი არის სხვა ღვინოზედო და კარგათაც იბამს ყურძენსო.”
კომენტარი: გურიაში მრავალი ადგილობრივი ჯიში იყო გავრცელებული, საიდანაც მაღალი ხარისხის ღვინო დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ თურმე. მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაავადების გამო გადაშენდნენ. სულ მალე თავად მიხეილ ერისთავის მეშვეობით (სხვა წყარო იაკობ მარს ანიჭებს პირველობას) გურიაში ამერიკული ჯიშის ,,იზაბელამ”, ჩვენში ,,ადესად” წოდებულმა მაღლარმა ვაზმა მოიკიდა ფეხი.
,,ეხლა კი ღვინის ალაგას გურიაში არაყს ხმარობენ, არაყის ხდა კარგათ შეუსწავლიათ; რა ჯურა არაყი გნებავთ, ჩვენ პატარა სოფელში, რომ არ მიირთვა: მსხლის, ვაშლის, ტყემლის, პანტის, ანწლის, ხურმის, ჭაჭის, სიმინდის, სანთლის, ფეტვის და სხვ. ერთი სიტყვით რის არაყი გნებავთ, მოითხოვეთ, მამათში სულ მოგერთმევათ, სამი წლის წინათ კი ესენი არც ერთი არა იცოდნენ. გურულები ადრეს არაყს სრულიად არ იყვნენ შეჩვეულნი, მაგრამ ახლა კი უღვინობას შეუჩვევია.
კომენტარი: გურიაში არაყს სიმინდისაგანაც ხდიდნენ (გურული ბურბონი!) და ეს სარფიანი ბიზნესი ყოფილა. ვინმე ვალერიან ურუშაძის მონაყოლით: ,,გაარჩევდი სიმინდს და ნალიაში შეყრიდი. გავამსებდით ნალიებს და გაზაფხულზე ამევიტანდით სიმინდს შინ. ზამთარში იქინე ვტიებდით. მარა იგი არ ყოფილა, ვინმეს მეეპაროს იქინე სიმინდი, ნალიები დაკეტილი არ იყო ბოქლომით…
40-50 კაპეიკი ღირდა ფუთი სიმინდი ნიკოლოზაის დროს. იეფი იყო. ჩვენ ზოგჯერ სიმინდიდან არაყს ვხთიდით. არ დაფუტროსო, დავღერღავდით სიმინდს, იქედან გამოვხთიდით არაყს და ვყიდდით. არაყიდან მეტ ფულს ვაკეთებდით. ბოთლი არაყი 10 შაური ღირდა. ერთი ფუთი სიმინდიდან 2-3 ბოთლი არაყი გემევიდოდა. ლანჩხუთის ბაზარზე ვყიდდით”.
საზოგადოთ უფულობაზე და სიძვირეზედ ძალიან სჩივიან გურულები. ოცდაათი თუმანის მოხერხება რომ ჰქონდეს ვისმე, იმ კაცს ძალიან ფულიაანათ მოიხსენიებენ ხოლმე. კაცის შრომაც ძალიან გაძვირებულა: აქამდისინ ორ-სამ თუმნათ მოჯამაგირეს რომ დაიჭერდით ეხლა იმას ექვს-შვიდ თუმნათაც ვერ იშოვნით.
როგორც გავიგონე ზოგიერთი სოფლელი გლეხი-კაცისაგან, სოფლის შკოლის ყმაწვილების მასწავლებლებს უჩივიან. ამბობენ: მასწავლებლები არ გვივარგანო, თორემ ყმაწვილები კარგათ სწავლობენო; ნეტა არ იქნება მასწავლებელი რიგიანი მოვიდეს ვინმეო. მეტი ჯამაგირის მიცემა შეგვიძლია, ოღონდ ჩვენ შვილებს რიგიანად კი ასწავლონ, რაც ჩვენ ცხოვრებაში არის საჭირივო. ამბობენ აგრეთვე, ამ ხანებსი რევიზორს მოელიან სოფლის შკოლების დასახედავად და მასწავლებლების გამოსაცადათ”.
კომენტარი: სულ რამდენიმე წელში სწავლა-განათლების საქმე გურიაში კარდინალურად შეიცვალა. ,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი” – ასე მოიხსენიებდნენ გაზეთები გურიას. საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალ ,,მოგზაურის” ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა. რუსული გაზეთი ,,ნოვოსტი” კი წერდა, რომ ,,გურია ერთი უკულტურესი კუთხეა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთში.” სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის, რადგან მიხვდნენ, რომ უსწავლელი კაცი ,მჭადის ფასად არ ღირს.” გურულებიდან წერა-კითხვის უცოდინარი მხოლოდ ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო, დანარჩენები ქართულთან ერთად, რუსულ ენასაც ფლობდნენ. მოსწავლეთა რაოდენობით, პროცენტულად, ოზურგეთის მაზრა პირველ ადგილზე იდგა არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მრავალ მაზრასთან შედარებითაც. თუმცა, მსურველთა რიცხვი ყოველთვის იმდენად დიდი იყო, რომ თედო სახოკიას თქმით, სკოლები ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებდა ხოლმე და ხშირი ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვები სასწავლებლიდან უკან გაუბრუნებიათ. მსგავსი მდგომარეობა თითქმის ყოველ წელს ხდებოდა. მაგალითად, 1907 წელს 300-დე ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა.