“დღეს 28 ნოემბერს, “ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს, დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები”, _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული.
“გურია ნიუსს” დილიდან უამრავი ადამიანი უკავშირდება. ყველა მათგანს აინტერესებს, როდის აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. კითხვაზე პასუხის მისაღებად შპს “სოკარ ჯორჯია გაზი-აჭარა” რეგიონული ოფისის დირექტორს ვახტანგ ბერიშვილს დავუკავშირდით.
“პასუხი, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მოწოდება, ჯერჯერობით, არ გვაქვს. დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი. ჯერ იმათგან ველოდებით სამუშაოების დასრულებას, რომ ჩვენ მერე დავგეგმოთ, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი”, _ გვითხრა ბერიშვილმა და უფრო კონკრეტული პასუხის მისაღებად ტრანსპორტირების კომპანიაში გადაგვამისამართა.
როგორც ტრანსპორტირების კომპანიაში გვითხრეს, ჯერ დაზიანებული ადგილის ძიების პროცესში არიან და კითხვაზე პასუხი, მას შემდეგ ექნებათ, რაც დაზიანების ხარისხს შეაფასებენ.
“დღეს დილით, დაახლოებით, 7 საათზე დავარდა წნევა მაგისტრალზე, ქობულეთის განშტოებაზე, საიდანაც გაზი მიეწოდება გურია-აჭარას. ეს განშტოება სულ 67 კილომეტრია. მაშინვე მოვახდინეთ მობილური ჯგუფების მობილიზება და გავუშვით ადგილებზე, გადაკეტეს სახაზო ურდულები და ახლა მიმდინარეობს დაზიანების ადგილის ძიება. როგორც კი მოიძებნება, ამოითხრება და შევხედავთ დაზიანების ხარისხს, მას შემდეგ გვექნება დაზუსტებული პასუხი, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ.