როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სკოლების და ბაღების პედაგოგების ჩართვაზე საუბარი იყო და ეს საკითხი კიდევ უფრ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების რიცხვი გაიზარდა.
„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იყო წინა საბჭოზე საუბარი, ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, ეს გახლავთ ე.წ ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფართოების შემდგომ და ვფიქრობთ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ჩვენ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია შედგა. საბჭოს მორიგი შეხვედრა ხვალ უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინეთისგან 100 000 დოზა SINOPHARM– ის ვაქცინა 2 აპრილს მიიღო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს კიდევ ერთ სახეობას, SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.
ამჟამად არსებული რეგულაციებით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება სამედიცინო პერსონალს და 55 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.