2018-2019 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ბრძანებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უკვე მოაწერა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადად 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 27 აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
1-ელ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება სკოლაში 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მოხდება. რის შემდეგაც, სკოლაში შემსვლელ მოსწავლეთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება და 2018 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გასტანს. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების ელექტრონული გზით რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.
მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციაგავლილი სასკოლო ასაკის ბავშვის მშობლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საჭირო დოკუმენტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პერიოდში ვერ შეძლებენ, ბავშვი რეგისტრაციიდან მოიხსნება და გათავისუფლებულ ადგილზე მოსწავლის ჩარიცხვა უკვე სკოლაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
იმ დოკუმენტების სია, რაც ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად არის საჭირო, ასე გამოიყურება:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
სკოლას უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლის სასწავლო პროცესი სკოლებში 18 სექტემბერს დაიწყება. შესაბამიდან, სკოლაში დარეგისტრირების საშუალება 15-17 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებსაც აქვთ.