ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. ოზურგეთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურად გვპასუხობენ, რომ მერიაში გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას 10 ივნისამდე მიიღებს.
„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 10 მარტი, შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2018 წლის 10 ივნისამდე. აქვე გაცნობებთ, რომ კომისია შეკრებას გეგმავს მიმდინარე კვირაში და კონკურსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგ კომისიის სხდომის ოქმი გახდება ხელმისაწვდომი.