მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილამდეა აღებული 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიულ ძალას კარგავს, ხოლო მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა გაცემული იურიდიულ ძალას 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეინაჩუნებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იუწყება.
როგორც „გურია ნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მოქმედების ვადის გასვლამდე, ვადის გასვლის შემდეგ კი მძღოლებს ახალი მართვის მოწმობის აღება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ცნობის საფუძველზე შეეძლებათ და გამოცდის ჩაბარება არ დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ საგზაო წესების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად 1 ივლისიდან მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა მოქმედებს.
თითოეულ მართვის მოწმობაზე 100 ქულაა დარიცხული, რისი ამოწურვის შემთხვევაშიც, მძღოლს ქულების ამოწურვიდან, 1 წლის შემდეგ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში კი დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.