ეკონომიკის ექსპერტმა, ლია ელიავამ მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსთან“ ისაუბრა. ელიავას თქმით, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ეკონომიკური რეფორმები არც თუ ისე დამაიმედებელია. ამასთან, როგორც ექსპერტი აცხადებს, ხელისუფლება ზედაპირზე ტივტივებს და ეკონომიკის სექტორში არსებულ მთავარ პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებს.
,,წინა მთავრობას დასჭირდა, დაახლოებით, ორი წელიწადი იმისთვის, რომ გარკვეულიყვნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, შესაბამისად, ჩვენი განვითარებაც იქნება შენელებული იმის მიხედვით, თუ როდის ისწავლიან ახლად მოსული ადამიანები ხელისუფლებაში მუშაობას და როდის გაერკვევიან ეკონომიკის ფუნქციონირებაში. ახალმა პრემიერმა და მისმა მთავრობამ, ჯერჯერობით, ვერ წარმოადგინეს მწყობრი გეგმა იმისა, თუ რას აპირებენ მომავალში, არ ჩანს, როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას და მით უფრო, გაურკვეველია პრობლემის მოგვარების შედეგები როგორი იქნება და როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ეს მთავრობა ზედაპირზე ტივტივებს, ხოლო ძირი, რომლისგანაც წარმოიშვა ზედაპირული პრობლემები მათთვის ცხადი არ არის“, _ განაცხადა ელიავამ.
,,გურია ნიუსმა“ ექსპერტს ჰკითხა, რა არის სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის მთავარი მიზეზი? როგორც ელიავა გვეუბნება, სოფლის მეურნეობის განუვითარებლობას არსებული არასწორი საბაზრო პოლიტიკა განაპირობებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობის მიერ შემუშავებული იყო იაფი ფულის გარკვეული პროგრამები ვერ იმუშავა იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას არის არასწორი საბაზრო პოლიტიკა, რომელიც აქ წარმოებულ პროდუქციას ხდის არაკონკურენტულს იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით. რაც უნდა აწარმოოს გლეხმა ან ფერმერულმა მეურნეობამ სოფლად თუ ვერ გაყიდეს საქონელი და ვერ გაუწიეს კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქტს, შედეგი იქნება ნულოვანი, შესაბამისად, სოფლის მეურნეობას არა მარტო ფული, არამედ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სჭირდება.
წინა მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ ფაქტობრივად, ფეხი დააბიჯა ადამიანებს ყელზე. ეს არის ირიბი გადასახადების ზრდა, გვახსოვს აქციზის კატასტროფული ზრდა, რამაც მთლიანად გამოიწვია ფასების დონის ზრდა, გარდა ამისა, ახლა იგეგმება კიდევ 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ზრდა, ჩვენთან ისედაც კატასტროფულად მაღალი და მტაცებლური 20%-იანი საშემოსავლო გადასახადია და ახლა 22% საშემოსავლო გადასახადის დაწესება კატასტროფა იქნება. როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა, რომ ასე ძარცვავდე. სესხის საპროცენტო განაკვეთზე საუბარი მიმაჩნია სასაცილოდ, ბანკები ისე არ ძარცვავენ მოსახლეობას, როგორც სახელმწიფო, ამ დისბალანსის გამოსწორებას თუ ახლი მთავრობა შეძლებს, მივესალმები“, _ განაცხადა ელიავამ.
ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 %-ს მიაღწია, რაც მისი თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.