XIX საუკუნის 70-80-იან წლებში რაღაც დანაშაულისთვის პეტერბურგიდან ქუთაისში გადმოსახლებული პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი, ,,ავარა ცხოვრებას” დაჩვეული (ისააკ და ივანე პურადაშვილების გამოთქმა) იმერეთშიც ხელგაშლილად ცხოვრობდა. ფული ბლომად ჰქონდა და თავის ამხანაგებთან კაზაკთა პოლკის ოფიცრებთან დილიდან საღამომდე ქეიფობდა. ხშირად გამოდიოდნენ ქუჩაში მთვრალი ცხენოსნები და რაც მოეპრიანებოდათ იმას აკეთებდნენ – ზედმეტი სიტყვის მთქმელი კი არავინ იყო. ერთხელ ცხენებზე ამხედრებულებმა, უზომოდ მთვრალებმა სასტუმრო ,,კოლხიდას” მეორე სართულზე ასვლას ლამობდნენ, მაგრამ პირუტყვები უფრო საზრიანები და ფრთხილები აღმოჩნდნენ და მხედრების ბრძანებას არ დაემორჩილნენ. როცა სასტუმროში დათვრებოდნენ იწყებდნენ ჭურჭლის მტვრევას, თუმცა მერე ზარალს აანაზღაურებდნენ ხოლმე. პრინცს ისე მოსწონებია ქუთაისი და იქაურობა, რომ ხშირად ამბობდა თურმე: ,,რა ქალაქია, რომ ათასი მანეთის დახარჯვა დღეში არ შეიძლებაო”. პეტერბურგთან შედარებით ქუთაისი კი იქნებოდა ძალიან იაფი…
ქუთაისში გადასახლებული პრინცი ოლდენბურგელი უცოლო იყო და ამიტომაც ის მუდმივად ყურადღების ცენტრში ბრძანდებოდა, მას გარშემო ახალგაზრდა კნიაჟნები პეპლებივით ეხვეოდნენ. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, უცოლო და მდიდარი ახალგაზრდა კაცი იყო. მაგრამ პრინცმა გათხოვილი ქალბატონი არჩია, რომელსაც ერთ ნადიმზე შეხვდა და გადაირია. ეს იყო აგრაფინა ჯაფარიძე, ტარიელ დადიანის მეუღლე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რომ ,,კნიაჟნები მზად იყვნენ ერთ კოვზ წყალში ჩაეღრჩოთ აგრაფინა”. არსებობს სხვადასხვა ვერსია, როგორ ჩაიგდო ხელში პრინცმა აგრაფინა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად ოლდენბურგელმა უზარმაზარი ფული შეაძლია ტარიელ დადიანს და ,,ოქრო ჯოჯოხეთსაც ანათებსო”, იმანაც ცდუნებას ვერ გაუძლო და ცოლი პრინცს დაუთმო. ასეთ საქციელს ხალხი როგორ მოუწონებდა დადიანს, მას დასცინოდნენ, აგინებდნენ და ლექსი თუ სიმღერაც კი შეთხზეს ამის თაობაზე: „აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“. აგრაფინამ და პრინცმა კი ჯვარი დაიწერეს, აგრაფინა იქცა გრაფინია ზარნიკაუდ. ის დღე იყო და პრინცმა დაანება ქეიფსა და თავაშვებულ ცხოვრებას, ოჯახს უთმობდა მთელ დროს, ხოლო მათი სახლი იქცა თავად-აზნაურთა შეკრების ადგილად და ერთგვარ კლუბად.