COVID-19 არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელიც უმეტესობამ საკუთარ ცხოვრებაში გამოსცადა. არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებელ ადგილს, პანდემია გავლენას ახდენს ყველაზე.
ბავშვები არასდროს ყოფილან ასეთი დიდი რისკის ქვეშ. ვირუსის გავლენა მსოფლიოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ცხადი და სულ უფრო საგანგაშო ხდება.
“იმის მიუხედავად, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი სხვებზე ნაკლებად არის დაზარალებული, არსებული მონაცემების თანახმად, COVID-19 ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე უფრო პირდაპირ გავლენას ახდენს, ვიდრე თავდაპირველად ველოდით, როდესაც 2019 წლის ბოლოს კრიზისი დაიწყო, 87 ქვეყნიდან მიღებული ასაკობრივი მონაცემების საფუძველზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაკეთებული ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ამ ქვეყნებში,COVID-19-ით ინფიცირების აღრიცხული შემთხვევების მთლიან რაოდენობაში ბავშვებისა და მოზარდების წილი 11%-ია. ისეთი აუცილებელი სერვისების შეფერხება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, კვება და ბავშვთა დაცვა, ბავშვებს ზიანს აყენებს“, _ ვკითხულობთ UNICEF-ის მოკლე მიმოხილვაში. UNICEF-მა შეაფასა COVID-19-ის გლობალურ გავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე და წარადგინა პანდემიაზე რეაგირების ექვსპუნქტიანი გეგმა.
იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ტემპი კვლავ გაიზარდა, გაჩნდა კითხვა _ საჭიროა თუ არა სკოლების ხელახლა დახურვა?!
„გურია ნიუსმა“ ამ კითხვით დაწყებითი კლასის პედაგოგს თამარ როსტიაშვილს მიმართა.
_ სკოლა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მეტხანს დაიხურება სკოლები, მით მეტად გაუარესდება ბავშვებში სწავლის შედეგი, _ ამბობს ქალბატონი თამარი.
COVID 19 -ის პანდემია, ასევე, იწვევს მწვავე კრიზისს ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვის და მათი სასწავლო პროცესის მიმართულებით. COVID 19-მა უარყოფითი გავლენა იქონია ადრეული ასაკის ბავშვებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებზე.
ძალადობა: ლოკდაუნმა და სკოლების დახურვამ გააუარესა გენდერული და ბავშვების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები: COVID-19 -ის პანდემია განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს შშმ ბავშვებს. ყოველდღიური რუტინის მოშლა და მხარდაჭერის სერვისების შეწყვეტა შეიძლება, განსაკუთრებით რთული იყოს აუტიზმის ან ინტელექტუალური თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
ბავშვებზე COVID 19-ის დამაზიანებელი გავლენა სრულად მომდევნო წლებში გამოჩნდება.
პანდემიის საპასუხოდ სახელმწიფოებმა მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის მობილიზება განახორციელეს ეკონომიკის გადასარჩენად. მაგრამ შეიძლება აღმოვჩნდეთ სხვა დანაკარგის წინაშე თუ სათანადოდ არ ვიმოქმედებთ: ეს იქნება ბავშვების დაკარგული თაობა!
IUNICEF-ის პანდემიაზე რეაგირების ექვსპუნქტიანი გეგმა გვთავაზობს პრაქტიკული და კონკრეტული ღონისძიებების ნაკრებს ბავშვთა უფლებების დასაცავად და უკეთეს მომავალზე ხელახლა დასაფიქრებლად.