პარლამენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, საუკეთესო დროის გარდა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა, რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა _ 12 წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდება, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში, ჯამში, 90 წამზე არანაკლები დრო (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა). საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. აღსანიშნავია, რომ ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.
კოალიცია მედია ადვოკატირების წევრი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ,,გურია ნისუთან„ საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები უარყოფითად აისახება მედიასაშუალებების ფინანსურ განვითარებაზე.
,,ვფიქრობ, ეს შეზღუდავს მაუწყებელთა მდგომარეობას და ხელს შეუშლის სხვა მედიასაშუალებების ფინანსურ განვითარებას. მოგეხსენებათ, სარეკლამო ბაზრით ყველა მედიასაშუალება იკვებება, ამიტომ ეს კანონპროექტი მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. ვიცით, საზოგადოებრივ მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიუხედავად ამისა, ის სცდილობს დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურენციაში სხვა მედიასაშაულებებთან შევიდეს ,რაც არასწორია. თქვენ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ქვეყანას, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს თანაბარი პირობები აქვს კომერციულ მედიასთან მიმართებით. მოგეხსენებათ, 2015 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა შეზღუდული სარეკლამო დრო, მაგრამ არც თუ ისე კარგად იყენებდა ამ უფლებას და საკმაოდ დაბალი ფასებიც შედიოდა ბაზარზე ან შეიძლება,მაღალი ფასები შედიოდა, რასაც ვერ ვხედავდით. ის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ვხედავთ კორუფციის საფრთხეებს. ეს საფრთხეები კი ნამდვილად არსებობს. როცა ვიკითხე, 2018 წელს რა სარგებელს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით-თქო, მითხრეს, რომ მიიღებენ დამატებით 2 მილიონ ლარს. ვიცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც იღებს 50 მილიონზე მეტი ლარის თანხას დაფინანსების სახით და ამ დროს ეს 2 მილიონი ლარი ძალიან დააზარალებთ მცირე მედია საშაულებებს. ზოგადად, 2 მილიონი ლარი ბევრია, მაგრამ საზოგაოებრივი მაუწყებლისთვის ეს თანხა კაპიკებს უდრის. ჩვენ გვინდა გამჭვირვალე მედია,რომელიც გამჭვირვალე შესყიდვებს აწარმოებს. როელსაც ხარჯვითი ნაწილი ექნება გამჭვირვალე და რომელიც გამჭვირვალედ მოგვაწვდის ინფორმაციას, რასაც საქართველოს პარლამენტში მიღებული ცვლილებები სრულებით ეწინაღმდეგება“- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ახალგაზრდა ადვოკატების კონსტიტუციონალისტის გიორგი ლაბაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმისა, რომ მან დამატებითი შემოსავალი კომერციული რეკლამებიდან მიიღოს, მაშინ, როცა ტელევიზია ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი თანხით ფინანსდება.
,,მაუწყებლის მხრიდან სოციალური რეკლამაზე დროის შემცირება, კომერციული რეკლამით ჩანაცვლების სურვილზე მიანიშნებს, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან, როცა მაუწყებელი უკვე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ინტერესი ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე უნდა იყოს მიმართული. უფლებამოსილების საკითხებია საინტერესო, შეგვიძლია ვთქვთ, რომ ძნელად მოიძებნება ისეთი მიმართულების განმახორციელებელი შიდა სტრუქტურა, სადაც ბიუჯეტის ინიცირების შესაძებლობა მენეჯერის მაგივრად სხვას აკისრია. ვფიქრობ, გონივრულია, ინიცირების უფლება აღამასრულებელ დირექტორს დარჩეს. რაც შეეხება საბიუჯეტო კონტროლის, კი არის აღნიშნული, რომ მაუწყებელი არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მასზე კონტროლი არ უნდა აიღოს სახელმწიფომ, მაგრამ კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საჯარო სახსრების განკარგვის საქმეს აკონტროლებს აუდიტის სამსახური, ამიტომ მაუწყებელს, იმის გამო, რომ ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და მოიხმარს საჯარო სახსრებს, არ უნდა ჰქონდეს არავითარი პირივილეგია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მას სახელმწიფოსგან აქვს დაფინანსება, ამიტომ აღარ უნდა იყო დაინტერესებული დამატებით მიიღოს შემოსავლები კომერციული რეკლამებიდან“, _ განცხადა გიორგი ლაბაძემ.