15 სექტემბერს სასწავლო და 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესები იწყება. მზადება უკვე დასასრულს უახლოვდება. “გურია ნიუსი“ ამ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახებით დაინტერესდა და გაიგო თუ რა რაოდენობის თანხა უჯდებათ სკოლაში და საბავშვო ბაღში ბავშვების გაშვება.
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ფიქრია სადღომელაშვილი: “ოთხი შვილის დედა ვარ და ოთხივე მათგანი ბაღში დადის. ბაღისთვის მზადებას უკვე მოვრჩით, ბავშვებისთვის შევიძინეთ ტანისამოსი და ამისთვის 250 ლარი დავხარჯეთ, შეიძლებოდა დამატებით გვეყიდა კიდევ რაღაცეები, მაგრამ ამის თანხა არ გვქონდა. სოციალურად დაუცველი არ ვართ. ვერ მოვხვდით სიაში. მე და მეუღლე ვმუშაობთ შეძლებისდაგვარად. სახლში პენსიონერი არავინ გვყავს, ახალგაზრდა დედამთილი მყავს. ბაღი უფასო არის და არაფერი გვიჯდება. ყველაფრის ყიდვა ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, პირველ დღეს, რომ გავატანოთ ფანქრები, ფერადი ფურცლები და ა.შ. თითო ბავშვს მაინც ჭირდება 25 ლარი. მწირი სათამაშოები გვაქვს“.
ეთერი წულუკიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოზურგეთი: არ მკითხოთ, ძალიან გვიჭირს. ჯერჯერობით, არაფერი შეგვიძენია ბავშვებისთვის. ოთხი შვილის დედა ვარ. აქედან ორი სკოლაშია და ერთი საბავშვო ბაღში შედის. შვიდი სული ვცხოვრობთ. დედამთილს პენსია აქვს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 100 ლარს ვიღებთ ყოველ თვე, სოციალური სამსახურიდან 150 ლარს მეოთხე ბავშვზე _ ეს არის სისტემატური შემოსავალი. ჩემი მეუღლე მოხელეა და ხან აქვს სამუშაო და ხან _ არა. ბავშვების შესამოსად ახლობლები და ნათესავები მეხმარებიან. სოციალურ დახმარება ამ ეტაპზე მოხსნილი გვაქვს. ეს თანხა, რომელიც ჩამოგითვალეთ, რამდენზე უნდა გავყოთ? ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს.
ანა აბაშიძე, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები: “ოთხი შვილი მყავს, ორი სკოლის მოსწავლეა და ერთი ბაღში შედის წელს. ამ დღეებში ვაპირებ ბათუმში წავიდე და ბავშვებს ის ნივთები და ტანისამოსი ვუყიდო, რაც მათ ჭირდება სწავლის პერიოდში. ვფიქრობ, რომ ამისთვის 400-500 ლარი მაინც არის საჭირო. ვნახოთ, როგორ გვეყოფა. ოჯახიდან მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს, ხან არ აქვს სამუშაო და ვართ ასე. სოციალურ დახმარება მომიხსნეს, ქულა მოგვემატა. სახლში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ამ თანხაში არ შედის სასკოლო ნივთები: კალმები, რვეულები, სახატავი რვეულები და ა.შ. სოციალური სააგენტოსგან ვიღებ 40 ლარს, ასევე, მეოთხე ბავშვზე _ 150 ლარს და ქალაქ ოზურგეთის მერიიდან ვიღებთ დახმარებას“.
მრავალშვილიანი დედების და არამარტო მათი ერთ-ერთი მთავარი იმედი თხილი იყო, მაგრამ წელს ძალიან დაბალია მისი ფასი. რესპოდენტების თქმით, ყოველ წელს ასე იყო, სასკოლო სეზონზე სულ დაბალი იყო ფასი, მაგრამ წელს ამ ყველაფერს ფაროსანას შემოსევაც დაემატა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაიზერ ცელაძემ “გურია ნიუსს“ ის პროგრამები გააცნო, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ფინანსდება: “მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 0-დან და 57 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 001-დან და 150 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე _ ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით.
ასევე, სარგებლობენ ყველა დანარჩენი პროგრამით ერთჯერადად ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომელებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა-ში 0-დან და 100 001-მდე სარეიტინგო ქულით”.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა შარაძე: იმ ოჯახებს, რომელთაც სოციალური ქულა 57 000-ის ჩათვლით აქვთ მინიჭებული, 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, წელიწადში სამჯერ ქალაქ ოზურგეთის მერია ას-ასი ლარის ოდენობით ეხმარება. სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, თანხა, ასი ლარის ოდენობით, მათ უკვე ჩარიცხული აქვთ. იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულა 57 000-150 000-მდე აქვთ მინიჭებული, 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, თითო ბავშვზე დახმარება 25 ლარის ოდენობით ერიცხებათ. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთაც მეხუთე შვილი შეეძინებათ, ერთჯერადი დახმარების სახით ქალაქ ოზურგეთის მერია ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით ურიცხავს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააღმზრდელო –საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ეკა ნინიძე ამბობს, რომ 18 სექტემბერს ქალაქის საბავშვო ბაღებში ყველაფერი მზად არის და ელოდებიან ბავშვებს: “ბავშვებს ხვდება მოწესრიგებული საგანმანათლებლო სივრცე, სააღმზრდელო პროგრამა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მრავალფეროვანი კვების მენიუ. ჰიგიენის კუთხით, ასევე, მოწესრიგებულია ყველაფერი. ბავშვებს ბაღში დახვდებათ შესაბამისი ინვენტარი”.
ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორი, ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ ბავშვებს სოფლის საბავშვო ბაღებში ყველა ის პირობა დაგხვდებათ, რომელიც საჭიროა მათი აღზრდისთვის და კეთილდღეობისთვის.
“ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა და სახელმწიფო იღებს თავის თავზე ყველაფერს. ამ დროისთვის სოფელ დვაბზუში ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა, ასევე, სოფელ ჯუმათში და დაბა ნასაკირალში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. სოფელ ნატანებში ძალიან მალე დასრულდება სამუშაოები, მაგრამ ეს სწავლას ხელს არ შეუშლის“, _ გვითხრა ავთანდილ მექვაბიშვილი.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ლელა იმედაშვილის თქმით, სკოლის მოსწავლეები წელსაც მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს. მისივე თქმით, ეს პროექტი განათლების სამინისტრომ სამი წლის წინ დაიწყო.