საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე თაფლის არყის დამზადება ქართველი ხალხის ყოფის მემკვიდრეობითი, მაღალმეცნიერული და შემოქმედებითი შრომის მონაპოვარია.
გაგაცნობთ ნატურალური სახით თაფლის არყის გამოხდის ტექნოლოგიას. ამ საკითხზე გურიაში საკმაო გამოცდილება არსებობს. მერწმუნეთ, რომ ამ მეთოდით მიღებული პროდუქცია ხარისხიანი, დასალევად სასიამოვნო და კარგი თვისების მქონეა. ნორმით მისი დალევა რგებს ჯანმრთელობას, ამშვენებს სუფრას და სტუმარ-მასპინძლობას.
თაფლის არყისთვის ძირითადი მასალაა თაფლი. ასევე, თაფლის გამოწურვის შემდგომ დარჩენილი ანარჩენები, ფიჭის გადანათალი, ციბრუტისა და სხვა ინვენტარის ნარეცხი, გამოწურული თაფლიანი ფიჭები, რომლებიც შემდგომ ხმარებისთვის გამოუყენებელია. გამოხდისთვის, ასევე, აუცილებელია ჭეო. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ არყის გამოსახდელ მასალაში ზედმეტი, მოჭარბებული სანთლის არსებობა გაართულებს გამოხდის პროცესს და ამდენად საჭიროა წინასწარ სანთლის მოხდა ჩვეულებრივი წესით.
მიღებული სახადის ნაზავის სიტკბოს ვსინჯავთ და წყლის დამატებით ვარეგულირებთ, საჭირო ნორმის მიხედვით. გვახსოვდეს, მუშაობის დროს არ მივიზიდოთ ფუტკრები და დავიცვათ მისი უსაფრთხოება.
მასალას ვასხამთ ქვევრში და ვახურავთ ჰერმეტულად. ჩაშვებიდან 12-14 დღის შემდგომ შეიძლება გამოხდა.
როგორია გამოხდის პროცესი? სახადი მასალა, რომელმაც სრულყოფილად დაამთავრა დუღილის პროცესი, მომწიფებულია და ვიწყებთ გამოხდის პროცესს. საამისოდ ვაწესრიგებთ სახად აპარატს და ყველა საჭირო ინვენტარს. ამ დროს გამორიცხულია გამაგრილებელი წყლის შეფერხება ან უკმარისობა. სახად სითხეს ვასხამთ ქვაბში 75%-ის ოდენობით. ძალიან არ ავავსოთ. დავახუროთ და შევუნთოთ ცეცხლი. დუღილის დაწყების შემდეგ, ცეცხლი გავანელოთ ისე, რომ გამოსულ არაყს ორთქლი არ მოყვებოდეს და ნაკადი არ მოდიოდეს.
გამოხდის პროცესს ვყოფთ სამ ეტაპად. პირველი _ თავნახადი, რომლის სიმაგრე 60-დან 85 გრადუსამდა. მეორე _ მუშა ნახადი, რომლის 35-დან 60 გრადუსამდე და მესამე _ ბოლონახადი, 10-დან 35 გრადუსამდე. ვსინჯავთ ბოლო ნახადის გემოს და სიმაგრეს. თუ ის აკმაყოფილებს ხსენებული ნორმით მიღებულ სტანდარტებს და თვისობრივ ფაქტორებს, ვაგრძელებთ პროცესს, თუ არა _ ვწყვეტთ გამოხდას.
რატომ არის საჭირო გაფილტვრა? ფილტრაცია პროცესია, რომლის დროსაც ხსნარებს წმენდის მიზნით ატარებენ ფოროვან ჯებირებში. არყის მრეწველობაში გამფილტრავი მრავალი მასალა და საშუალებები არსებობს. გამოიყენება მუყაოს, აზბესტის, ნახშირის, კვარცის ფილტრი, ქვისა და სხვა. ბამბეულობიდან მფილტრავ ქსოვილად გამოყენებულია ფანელი, საშინელე მაუდი, ნარმა და სხვა. უშუალოდ არყის გამოხდის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ გაფილტვრის მარტივი მეთოდიც _ ჭურჭელს ვაფარებთ 3-4 ფენა დოლბანდს, რომელიც დროგამოშვებით სუფთავდება, ირეცხება ნალექისგან, პროდუქციის ფილტრაციის შემდგომ ვადგენთ მის სტანდარტულ სიმაგრეს.
დეგუსტაცია, დაჭაშნიკება
არყის ნაწარმის ხარისხი განისაზღვრება ანალიზურად და ორგანოლეპტიკურად. პროდუქციის ხარისხის ანალიზურად განსაზღვრა ხდება ქიმიური ანალიზის საშუალებით. საზღვრავენ სპირტის, შაქრის, ექსტრატული ნივთიერების, ორგანული მჟავეებისა და სხვათა რაოდენობას. პროდუქციის ფერიც შესაძლებელია განისაზღვროს კოლორიმეტრულად, მაგრამ მნიშვნელოვნად რთულია ობიექტურად შევაფასოთ პროდუქციის გემო და არომატი, რომელიც ჩვენში დღემდე ძველებურად, ორგანოლეპტიკური მეთოდით წარმოებს, რაც გამოიხატება იმაში, რასაც დეგუსტაცია ეწოდება, ხოლო ხარისხის დამდგენელს _ დეგუსტატორი. “დეგუსტაცია” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გემოს გასინჯვას ანუ დაჭაშნიკებას.
აღიარებული აზრის მიხედვით, პროდუქციის გემო შეგრძნებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელსაც ადამიანი გემოვნებასა და ყნოსვის რეცეპტორების ერთობლივი მოქმედებით განიცდის.
შეფასებისთვის დადგენილია შემდეგი უმაღლესი ბალი: ფერი და გამჭვირვალობა _ 2 ბალი, არომატი _ 4 ბალი და გემო _ 4 ბალი.
უმაღლესი ბალით ფასდება უზადო გამჭვირვალობის მქონე არაყი, რომელსაც აქვს ამ არყისთვის დამახასიათებელი სუნი, გემო და არომატი. არ აქვს გარეშე ან სხვა ნივთიერების გამოცალკავებული სუნი, გემო და სხვა დამახასიათებელი უარყოფითი ნიშან-თვისებები.
როგორ დავიყვანოთ არყის სიმაგრე სტანდარტულ სიმაგრემდე?
ყველა სპირტიან სასმელს გააჩნია თავისი სიმაგრის ნორმა, სანთლის არაყი საოჯახო მოხმარებისთვის მიღებულია 27-31 გრადუსამდე სიმაგრის. თუ სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ გავუშვებთ, სტანდარტი უნდა იყოს 40 გრადუსი.
გამოხდილ პროდუქციას ვათავსებთ მომინანქრებულ ჭურჭელში, ავურევთ კარგად, შემდეგ ვიღებთ ნიმუშს და სპირტსაზომით ვსინჯავთ. თუ პროდუქციის სიმაგრე ნორმის ზევითაა, ვუმატებთ შერბილებულ წყალს _ გამოხდილს ან ანადუღარს და გაციებულს. კიდევ ვურევთ და ვსინჯავთ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.
მიღებულ პროდუქციას ვინახავთ კარგად გარეცხილ მინის ჭურჭელში, ბოთლებში, ბოთლების შევსების შემდეგ საჭიროა ჰერმეტულად დახურვა. სახურავები უნდა იყოს მექანიკურად გამძლე და ამავე დროს პროდუქციას არ უნდა აძლევდეს რაიმე გარეშე სუნს და გემოს, არ უნდა შედიოდეს რეაქციაში სასმელთან, ხელით ადვილად იხსნებოდეს. ვინახავთ დღის სინათლით სუსტად განათებულ შენობაში.
დადგენილია, რომ დაძველებისას გემო და არომატი უმჯობესდება. ეს დამოკიდებულია სასმელის შემადგენლობაზე. პროცესი სხვადასხვა სასმელზე სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით მიმდინარეობს.
ასევე, შეიძლება ითქვას თაფლის არაყზეც. მისი რამდენიმე დღით შეყოვნებაც კი დადებით შედეგს იძლევა, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს მის ხარისხს და თვისებებს.
ჯანვერდ ცეცხლაძე,
გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე