ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში დღეს ბავშვებისთვის საშობაო ზღაპარი გაიმართა. მოსაწვევის თანახმად, პატარებს ღონისძიებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იწვევდა.
დარბაზში შესვლამდე ბავშვებისთვის საჩუქრებიც დარიგდა და ღონისძიებაც სახალისო იყო, თუმცა, დასასრულს ბავშვებისთვის განკუთვნილი „საშობაო ზღაპარი“ „ქართული ოცნების“ „ზღაპრად“ იქცა.
„თოვლის ბაბუამ“ დარბაზში მყოფებს აცნობა, რომ სცენაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით შარაშიძე ავიდოდა და საჩუქრებს დაარიგებდა.
სცენაზე ასულმა შარაშიძემ კი აღნიშნა, რომ საჩუქრებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით არიგებდა.
მაშინ, როცა დავით შარაშიძე სცენიდან პიარს იკეთებდა, დარბაზში გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და მისი მოადგილეები: თამაზ ჯინჭარაძე და მინდია ჟღერია ისხდნენ.
როგორც გაირკვა, ამ „სიურპრიზის“ შესახებ არცერთმა მათგანმა არ იცოდა.
ჩვენს კითხვაზე, რატომ გადააქციეს საშობაო ზღაპარი პოლიტიკურ ზღაპრად, ირაკლი კუჭავამ ასეთი პასუხი გაგვცა: „ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ“.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი იყო, აღნიშნეს, რომ მათ შარაშიძემ უთხრა, რომ საჩუქრების დარიგება სურდა:
_ ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა სურდათ. სხვა დეტალი ჩვენთვის უცნობია. ეს ზღაპარი ბავშვებისთვის დაიდგა და პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, _ გვითხრეს კულტურის ცენტრში.