საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2018 წელს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გასახორცილებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად დეპუტატებს შორის დაპირისპირებისა, ბოლოს მაინც მოიწონეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ ისაუბრა, მან გარდამავალი პროექტები წარუდგინა საკრებულოს წევრებს. თოთიბაძის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ ქალაქ ოზურგეთში _ ი. შემოქმდელის, სანაპიროს, სანაპირო-ჯორჯიაშვილი-წმ. გიორგის დამაკავშირებელი გზას, გენიჩესკისა და გიორგაძის ქუჩებს.
ბოხვაური – შემოქმედის დამაკავშირებელი გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოიწყობა, ასევე მოხდება ვაკიჯვარი (ფამფალეთი) -მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
გარდამავალი პროექტების სიაშია, ასევე _ ნასაკირალი-მელექედურის გზა, წითელმთა -მაკვანეთის, სილაურის ცენტრიდან -ოზურგეთის, ნინოშვილი-ლესას მიმართულებით, სოფელ ჭანიეთის ცენტრიდან ქაქუთის მიმართულებით, სოფ. შემოქმედის ცენტრი -გორისფერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფელ მაკვანეთში აშენდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმი.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ მსჯელობას, საკრებულოს დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ერთმანეთში დაპირისპირება და შეურახყოფაც მოჰყვა.
პირველად განცხადება საკრებულოს დეპუტატმა და სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ გააკეთა. მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტებში არ არის სოფლების _ გაღმა დვაბზუ-ბაღდადი-ბახვთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე წელია დაიწყო, გაკეთდა გზის ნაწილი და დანარჩენი კი შეჩერებულია:
_ აქ თითქმის ყველა ძველი დეპუტატები ვართ, ადრე ჩვენ გვქონდა გარდამავალი პროექტები გარკვეულ სოფლებში. საკრებულომ ამ პროექტების დასრულებას მხარი დაუჭირა. ეს პროექტები მისაყვანი იყო ბოლომდე. შეთანხმებით, ინფრასტრუქტურის კომისიასთან გავლით და ერთმანეთთან დათმობით ხდებოდა სოფლებში გზების რეაბილიტაცია. ჯერ ერთ სოფელში და მერე მეორეში დაიწყებოდა, ან პირიქით და გრძელდებოდა. აქ წარმოდგენილ პროექტებში არც ერთი ეტაპი არ ჩანს დვაბზუ-ბაღდადი-ბახვის გზის. აღნიშნული უბანი მჭიდროდ დასახლებულია. გზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ორი წლის განვალობაში. ორი წელი კი მარტო დვაბზუს გარკვეულ მონაკვეთს დასჭირდა და დღეს ვიგებთ, რომ აღარც ბაღდადის გზის შეკეთება გრძელდება და აღარც ბახვი. ის კი არა საერთოდ ჩახსნილია. მაინტერესებს, რის მიხედვით იქნა არჩეული და წარმოდგენილი პროექტები, ან სად იქნა განხილული და ვინ არის ავტორი, რომ არაერთხელ მხარდაჭერილი პროექტი ჩახსნილია. არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს, რომ დღეს მე ხელი შევუშალო თბილისში გადასაცემ პროექტებს და არ დაფინანსდეს, ვადაში ვერ ჩავჯდეთ და პროექტები ჩავარდეს, ამის ინიციატორი კი ეროდი გორდელაძე იყოს და ვხვდები ამას! მუხლობრივად გავიაროთ ეს საკითხი, _ თქვა გორდელაძემ, რომელსაც დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესიკ ქათამაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ასევე, მხარდაჭერილი, საკრებულოს მიერ მოწონებული და დამტკიცებული პროქტი _ ნასაკირალი-მელექედურის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს შეჩერდა:
ბესიკ ქათამაძე: _ შარშან ჩვენ გარდამავალი პროექტი გვქონდა მელედეური-ნასაკირალი და რა უყავით ამ პროექტს? შარშან დავამტკიცეთ, შემდეგ ამოიღეთ სიიდან, თქვენ ახლა თქვით, რომ დეპუტატები ერთმანეთს ვუთმობდითო, მაშინ, როცა ჩვენ მიერ დამტკიცებული პროექტი ამოიღეთ, რატომ არ გაგიჩნდათ კითხვა? ვისთან ათანხმებდით ამას, მელექედურის დეპუტატთან შეთანხმდით, ნასაკირალი რომ ამოიღეთ?
ხმაური გამოწვია ენმ-ს წევრის შალვა თავდიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა:
_ რატომ ჰყოფდით ამ პროქტებს, სად და როგორ ხდებოდა პროექტების დაყოფა? ვინ საზღვრავდა კილომეტრობით გზების დანაწილებას? თქვენ იცით თუ არა, რომ, როცა გზებს ჰყოფდით, ამით ზიანს აყენებდით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მაგალითად, ნაგომარში, 1კმ. 300 კვ. მ. დააგეთ და მეორე ეტაპი მერე გააგრძელეთ. იმ გზაზე მეწარმემ, რომელიც ამ სამუშაოებს აკეთებდა ატარა გადატვირთული ბალასტი, 60-ტონიანი მანქანები დადიოდა ასფალტის. იმიტომ, რომ იაფი უჯდებათ. პროექტს, რომელსაც 35 პროცენტს დააკლებ, იგი პროექტი ვერ შესრულდება თუ იქ გვერდიდან რაღაცა არ მოხდა.
ლევან კილაძე, მელექედურის დეპუტატი : _ კი, ერთი წელი ჩაგვივარდა 2017 წელს, უნდა შესრულდეს პროექტი. მელექედულებმა პირველ ეტაპზე ეს გზა დავთმეთ და დაიწყო ნასაკირალიდან. ახლა დავიწყოთ მელექედურიდან ნასაკირალის მიმართულებით. ეს თხოვნა შევუსრულოთ ამ ხალხს. ძალიან ცუდ დღეშია ი.შემოქმედელის ქუჩა და მივესალმები, რომ გაკეთდება.
ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის დეპუტატი : _ გზა ყველა სოფელში გასაკეთებელია. არ შეიძლება, როცა პროექტი დაწყებულია, ის უნდა გავავრძელოთ. რა ვუთხრათ იმ ოჯახებს, სადაც ეს გზა მისულია და შეჩერებულია, შეწყვეტილია? განცვიფრებული დავრჩი, ეს პროექტი აქ რომ ვერ დავინახე.
როზეტა სკამკოჩაიშვილი, დვაბზუს დეპუტატი: _ ეს გზა ნამდვილად გასაკეთებელია, თანაბარ პირობებში არ არის მოსახლეობა, დასრულდეს ბოლომდე. გადავინაწილოთ და რაღაც სიკეთე ყველა სოფელმა უნდა მიიღოს.
დავით ჭაკნელიძე, შრომის დეპუტატი: _ შრომა -ორმეთი-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის პროექტი შევადგინოთ. გზის 2 კილომეტრია გასაკეთებელია.
მერაბ ბერიძე, ჯუმათის დეპუტატი: _ ცენტრამდე მისასვლელი გზა ჯუმათში არ არის, გთხოვთ, გაითვალისიწინეთ. აქ ისტორიული ძეგლია და შეისწავლეთ და გააკეთეთ.
“ენმ“ წევრებსა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ლიდერს გელა აროშიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
_ ის საკითხი, რომ გზა მაშინ კეთდება, როცა არჩევნებია, არ გეთანხმები ბესო, ეს გარდამავალი პროექტებია და უნდა გაკეთდეს, _ თქვა აროშიძემ.
გოჩა კილაძე, სილაურის დეპუტატი: _ აქ ყველა ყვირის, ზოგს გადახტომაც უნდოდა. ხელის გადაგრეხვაზე თუ არის საქმე, ეს არ ვიცი. არის სოფლები, სადაც არაფერი გაკეთებულა. აქ წარმოდგენილი პროექტებიდან რომელი არ არის შესასრულებელი?
ვალოდია ბერიძე, ნარუჯის დეპუტატი: _ სამართლიანი კითხვა მაქვს, გული მწყდება _ ნარუჯაში გზა არ კეთდება? ეს საერთოდ არ არის ნახსებენი და არც სამომავლოდ არ წერია.
ბოლოს მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტები მერის ინიციატივა არ არის და ის წინა წლებში დამტკიცებული და დაწყებული პროექტების გაგრძელებაა:
“ყველა სოფელში პრობლემება და გასაგებია, რაც პროექტები წარმოგიდგინეთ, ეს პროექტები არჩეულ მერს არ შეუდგენია, დაგხვდა. ჩვენ პატივს ვცემთ ნაშრომს. ხარჯთაღრიცხვაზე ხარჯიც გაწეულია ბიუჯეტიდან, რაიმე კორექტირება ამაში არ შეგვიტანია, არც დაგვიგრძელებია და არც დაგვიმოკლებია გზის რომელიმე მონაკვეთი, როგორც იყო ისე წარმოგიდგინეთ“.