17:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის ოლქში არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე 29 424-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა.
„17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე სულ 29 424 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 47,25%-ს შეადგენს. შემოსული საჩივრების რაოდენობა 15:00 საათის მონაცემების შემდეგ არ გაზრდილა. სულ 6 საჩივარი ფიქსირდება, რომლებიც პროცედურულ დარღვევებთან არის დაკავშირებული“, _ აღნიშნა თენიეშვილმა.
რაც შეეხება, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საარჩევნო უბნებთან სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოჩენის შესახებ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა აუცილებელი საარჩევნო უბნებთან სპეციალური დანიშნულების რაზმების ყოფნა? _ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ოლქში ამის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საარჩევნო უბნებთან სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ოლქში ინფორმაცია არ შემოსულა“, _ ამბობს თენიეშვილი.