“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ქეთინო ღლონტი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ კარგია პირადი ჰიგიენის დაცვა.
რაც შეეხება ვაქცინის გაკეთებას, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მისი გაკეთების არის სექტემბერი-ოქტომბერი. ვაქცინის გაკეთებიდან ორ კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. ამიტომ, სანამ დაიწყებოდა ეს გრიპის შემთხვევები, მანამდე არის რეკომენდირებული ვაქცინის გაკეთება.
_ ქალბატონო ქეთინო, რამდენად რეკომენდირებულია ვაქცინის გაკეთება სახლში?
_ ვაქცინის გაკეთება სახლის პირობებში მიზანშეწოლილი არ არის. ეს უნდა გაკეთდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
_ რა რჩევევებს მოგვცემთ, რომ გრიპი თავიდან ავიცილოთ?
_ ყველაზე კარგი პროფილაქტიკა არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით ბავშვები და ქრონიკულად დაავადებული პაციენტები მოვარიდოთ. ასევე კარგია გრიპის შემთხვევა თუ არის ოჯახში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახები. აუცილებელია ხშირად საპნით დავიბანოთ ხელები. ადამიანმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა, ეს არის ასევე გათვალისწინებელი.
_ თებერვალში გრიპის მეორე ტალღას ელოდებიან?
_ ეს მეორე ტალღა ყოველთვის არის და გრძელდება მარტის ბოლომდე, მაგრამ უფრო ნაკლები შემთხვევებია. შარშან უფრო მეტი იყო, მაგრამ წელს ნაკლებია. მთავარია, გავითვალისწინოთ ექიმის რჩევები.“ -გვითხრა ქეთინო ღლონტმა.
ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმი ხათუნა გირკელიძე რამდენიმე რჩევას გვაძლევს გრიპის საწინააღმდეგოდ.
“სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0 ც , ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება.გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.ვაქცინაცია განსაკუთრებით აუცილებელია: 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის; 65 წელს გადაცილებული პირებისთვის; ორსულებისათვის; ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი. ასევე სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს: რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი; თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან; რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ხათუნა გირკელიძემ.