ახალგაზრდებს ხშირად აწუხებთ კითხვა- როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე, ისე რომ ის უკანასკნელ პაემნად არ იქცეს? ასეთ დროს ყველა ადამიანი საკუთარი ტაქტიკით მოქმედებს.
როგორც ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, პირველ პაემანზე ემოციური დისტანცია აუცილებელი პირობაა. როდესაც ადამიანმა დაბეჯითებით არ იცის, როგორ ეკიდებით მას, მისთვის უფრო მიმზიდველი ხდებით, – ირწმუნებიან მეცნიერები.
თავიანთი ნააზრევის დასამტკიცებლად მათ გამოიკვლიეს 50 სტუდენტი გოგო. გოგოებს ამცნეს, რომ რამდენიმე ვაჟი გაეცნო მათ პროფილებს სოციალურ ქსელებში და შემდეგ აუწერეს, რა შეხედულება შეექმნათ მათზე ვირტუალურ სტუმრებს.
გოგოებს უჩვენებდნენ ამ ახალგაზრდა ვაჟების ფოტოსურათებს, რომელთაც ჰყოფდნენ სამ ჯგუფად: პირველები ვითომცდა ღიად უცხადებდნენ ფსიქოლოგებს, რომ ესა თუ ის გოგო მათ უსიტყვოდ ძალიან მოსწონთ; მეორენი, თუმც კი ამჟღავნებდნენ სიმპათიას, მაგრამ განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე; მესამენი კი „შავ ლაქად“ რჩებოდნენ – მათი გრძნობების შესახებ არც ამ გოგოებმა და არც მკვლევარებმა არაფერი იცოდნენ.
ამის შემდეგ გოგოებს დაუსვეს ორი კითხვა: რომელ ყმაწვილებთან ისურვებდნენ ისინი პაემანზე წასვლას და ვისზე ფიქრობდნენ უკანასკნელი 15 წუთის განმავლობაში.
რაც შეეხებოდა შეხვედრას, გოგოებმა გამოთქვეს იმათთან შეხვედრის სურვილი, ვინც მათ დაუსწრებლად შესტრფოდა, მაგრამ უკანასკნელი 15 წუთის მანძილზე, აღმოჩნდა, რომ ისინი ფიქრობდნენ იმ იდუმალ პიროვნებებზე, ვისაც არ გაუმხელია საკუთარი გრძნობა.
აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგები გვირჩევენ – პირველივე შეხვედრაზე ნურასოდეს გადაშლით მთელ კარტებს. ეს გაზრდის თქვენს შანსს, რადგან ადამიანი იწყებს განსჯას, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა და, ესე იგი, მოიწადინებს საიდუმლოს ამოხსნას. ხოლო ამის შესაძლებლობა მაშინ მიეცემა, თუ კვლავ მოახერხებს თქვენთან შეხვედრას – ესე იგი, იმ შემთხვევაში, თუ პირველი პაემანი უკანასკნელი არ აღმოჩნდება!
ავტორი