ახალი კვლევის თანახმად, ტეტრისის 3 წუთით თამაში ამცირებს ისეთ ძლიერ მოთხოვნილებებს, როგორიცაა საკვების მიღება, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ტეტრისი, რეტრო თავსატეხის ტიპის კომპიუტერული თამაში, ასრულებს ვიზუალური დისტრაქტორის (ყურადღების გადატანა) როლს, რაც ეხმარებათ ადამიანებს აკონტროლონ ძლიერი სურვილები და მოთხოვნილებები.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჯეკი ანდრადე, ამბობს:
”ძლიერი მოთხოვნილებების ეპიზოდები, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გრძელდება, რომლის განმავლობაშიც, ინდივიდი ახდენს იმის ვიზუალიზაციას, რაც უნდა და იმას, რა ჯილდოს მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის. ძალიან ხშირად ეს გრძნობები დანებებისკენ უბიძგებს პიროვნებას. მაგრამ ტეტრისის თამაშით, დროის მცირე მონაკვეთებში, ხელს უშლით ტვინს, წარმოქმნას ასეთი მაცდური ხატები და ამ ხატების გარეშე ძლიერი სურვილები უფერულდება”.
კვლევაში მონაწილეობდა 119 ადამიანი, რომელთა ძლიერი სურვილები წინასწარ გაიზომა. ისინი ან თამაშობდნენ ტეტრისს, ან ხვდებოდნენ საკონტროლო ჯგუფში. საკონტროლო ჯგუფის აქტივობა შემოიფარგლებოდა იმით, რომ მათ უნდა მოეცადათ მანამდე, ვიდრე ტეტრისი დაიწყებოდა, თუმცა საბოლოოდ თამაში არ იტვირთებოდა.
აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც 3 წუთით ითამაშეს ტეტრისი 24%-ით შეუმცირდათ ძლიერი მოთხოვნილებები, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ტეტრისის დისტრაქტორად გამოყენების იდეა ეფუძნება თეორიას, რომ ვიზუალური ხატები ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სურვილების დროს, როგორიცაა საკვების, სიგარეტის ან ალკოჰოლის მიღება.
თუ ვიზუალური მეხსიერება დაკავებულია სხვა დავალებით, მაშინ ეს სურვილები მცირდება, რადგან მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია.
შემდგომი კვლევების შედეგად, როდესაც ერთმანეთს შედარდება სხვადასხვა ვიდეო თამაშები და ადამიანთა ჯგუფები, შესაძლოა გამოინახოს ძალიან წარმატებული გზა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს მოთხოვნილებების შემცირებაში.
პროფესორი ანდრადე ფიქრობს: “კონტროლის გრძნობა მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რომ ვიყოთ მოტივირებული და ტეტრისის თამაში ეხმარება აკონტროლოს საკუთარი სურვილები, როცა ისინი განსაკუთრებით ძლიერია. ეს თამაში მარტივად ხელმისაწვდომია სახლში თუ სამსახურში და ანაცვლებს სტრესის შეგრძნებას, რომელიც თავად ამ ძლიერ სურვილებს მოაქვთ. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ისეთ გზებს, რომლებიც სტიმულირებას მისცემს სურვილებს ჯანსაღი აქტოვობებისკენ.
მაგალითად, ვარჯიში, მაგრამ ეს თამაში ნეიტრალური აქტივობაა, რომელმაც შესაძლოა პოზიტიური შედეგი გამოიღოს.”