სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა შაშტრამი, რეჰანი, პიტნა, ონჭო თუ ომბალო საუკეთესო და ეფექტურია სხვადასხვა კერძებში. მათ ზამთრისთვის ადვილად შევინახავთ, თუ ასეთი წესით გავახმობთ:
მწვანე, ვეგეტაციის პერიოდში მყოფი მცენარე მოვთხაროთ, ან მიწის ზედაპირთან მოვჭრათ. მოვაშოროთ ფესვიანი ნაწილი და ჩამოვკიდოთ გასახმობად ჩრდილში, სადაც, ასევე, მშრალი გარემოა.
როცა გახმება, ღეროებიან ნაწილებს მოაშორეთ ფოთლები და ისეთი ნაწილები, რომელიც გაუხეშებული არ არის, დააქუცმაცეთ და შეინახეთ.
ასე მომზადებულ სანელებლებს ძალზე მძაფრი სურნელი და საუკეთესო არომატი აქვს _ თითქმის მთლიანად ინარჩუნებს თავდაპირველ თვისებებს.
რაც შეეხება სათესლე მასალას, კარგად გამხმარი პრასის თავთავები თუ ოხრახუშის და ნიახურის მიწისზედა დათესლებული და გამხმარი ნაწილი, მხოლოდ კარგად გახმობის შემდეგ მოჭერით, შეკარით და ჩამოკიდეთ ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გავლის შემდეგ, ჩამოხსენით კარგად გაფშვენით და შეინახეთ დოლბანდში ან სახელდახელოდ მომზადებულ პატარა ქაღალდის კონტეინერში. პოლიეთილენის პარკში შენახული თესლები, შესაძლოა, არ გამოგადგეთ, რადგან ასე ადვილად დაკარგავს აღმოცენების უნარს.