ოზურგეთში, პოლიციის წინ გურიის სამხარეო პოლიციის დეპერტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და დეტექტივ გამომძიებელი სცემეს.
შემთხვევა წუხელ, საბილიარდოში მოხდა, რომელიც პოლიციის შენობის წინ მდებარეობს.
_ საბილიარდო პოლიციის წინ მდებარეობს. გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა. ერთ-ერთი თანამშრომელი გარეთ გავიდა და დახმარება ითხოვა. პოლიციელები გადმოვიდნენ და სიტუაციის განეიტრალებას ეცადნენ, თუმცა, ვერ შეძლეს და ისინიც სცემეს, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
როგორც გვითხრეს, საუბნო სამმართველოს უფროსს სოსო სულაბერიძეს ერთ-ერთმა დაკავებულმა ბილიარდის ჯოხი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელს თავი გაუტყდა. სისხლის დანახვაზე მას დეტექტივ-გამომძიებელი მიეშველა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ მას სახეში ბილიარდის ბურთი ესროლა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი სამჯერაა ნასამართლევი, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
აღნიშნულ საქმეში ორი დაზარალებულია, თუმცა, ისინი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ.
ერთ-ერთი დაკავებულის გ.თ-ს მამა ამბობს, რომ ბიჭები ნასვამები იყვნენ და საბილიარდოში შესულ პოლიციელებთან, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები და არანაირი ნიშანი არ ქონდათ, შელაპარაკება მოუვიდათ.
იმავეს ადასტურებენ სხვა დაკავებულების ახლობლებიც, რომლებც აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის გაღვივების მიზეზი ის იყო, რომ პოლიციელებს არც ფორმა ეცვათ და არც ნიშანი ჰქონდათ.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები ნაცემი არიან, მათი ახლობლები არ გვიდასტურებენ.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რასაც თვითმხილველებიც ადასტურებენ.
სამივე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, გამოძიება კი გრძელდება.