3 დეკემბერს, ჩოხატაურში, “ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გაიმართა შეხვედრა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ უმწვავეს პრობლემას – სასმელი წყლის უხარისხობას უკავშირდებოდა. მრგვალი მაგიდის ფორმატის ეს შეხვედრა პროექტის – “წმინდა წყალი!“ ფარგლებში შედგა და მას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ_მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები, მერიის სამსახურების წარმომადგენლები, სოფლების დეპუტატები და მერის წარმომადგენლები საპილოტე სოფლებში. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეხვედრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები.
პროექტს “წმინდა წყალი!“ არასამთავრობო ორგანიზაცია “Post-ალიონი“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ახორციელებს.
დისკუსიის და მსჯელობის წამოწყებამდე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ოფიცერმა აუდიტორიას პროექტის შინაარსი და დანიშნულება, ხოლო პროექტის დირექტორმა ია მამალაძემ პროექტის ფარგლებში გახორციელებული აქტივობები გააცნო.
პრეზენტაცია შეიცავდა საპილოტე სოფლებში, წყლის შემკრებ აუზებთან გადაღებულ ვიდეომასალასაც, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დაუცველია შემკრები აუზების ჩამკეტი ლუკები, როგორია საინტარული პირობები.
პროექტის მკვლევარმა მაგდა მამალაძემ აუდიტორიას კვლევის შედეგების პრეზენტაცია: „სუფთა წყლის პრობლემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში“ – წარუდგინა, რომელშიც დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზის, საპილოტე სოფლების მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების პირისპირ, ონლაინ და “ვოქს-პოპის“ მეთოდებით გამოკითხვას, ასევე ჯგუფებში მუშაობას ეფუძნება. აუდიტორიისთვის საინტერესო იყო კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები.
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინაა პასუხისმგებელი წყლის ხარისხზე, მოწმდება თუ არა სასმელი წყლის ვარგისიანობა და რამდენად სანდოა სინჯები, პასუხები. გამოკითხული მოქალაქეებიდან, მათ შორის, საჯარო მოხელეებიდან, არც ერთი არაა დარწმუნებული, რომ წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ჩვენს ჯანმრთელობას არ ვნებს.
ანალოგიური იყო მრგვალი მაგიდის მონაწილე საჯარო მოხელეთა განცხადებები დისკუსიის დროს – ისინი დარწმუნებული არიან, რომ უმეტეს შემთხვევაში, წყალი, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს, სასმელად ვარგისიანი არაა. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არიან იმ სოფლების მცხოვრებნი, სადაც ტექნიკური წყალიც კი დეფიციტია.
მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა: “წარმოდგენილ კვლევებს ვეთანხმები _ რასაც ფული არ მიწვდება, ყველაფერი ასეა ხოლმე მიფუჩეჩებული. შესაბამისად, არაა წყლის საკითხი მარტივად მოსაგვარებელი. მართალია, წყლის მოვლა-პატრონობა თვითმმართველობის კოდექსში ჩაწერილია როგორც ადგილობრივი საკუთარი უფლებამოსილება, მაგრამ პრობლემა სულ დაგვრჩება მოუგვარებელი, თუ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა. ერთადერთი წყალსადენი, რომელიც ანალიზების დონეზეა გამართული, არის დაბის წყალმომარაგების სისტემა. ყოფილა შემთხვევები, სტიქიის დროს წყალი ამღვრეულა და იძულებულები ვიყავით წყლის მიწოდება შეგვეწყვიტა, თუმცა, შევძელით რომ 12- საათიანი გრაფიკი შევინარჩუნეთ.“
საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ ყურადღება გაამახვილა წყალსადენების და შემკრები ნაგებობების სწორად პროექტირების აუცილებლობაზე და უკვე არსებული სისტემების სწორ ექსპლოატაციაზე.
საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გუდავაძემ, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა გამდლიშვილმა, კომისიის თავმჯდომარეებმა ვლადიმერ სიხარულიძემ და ზვიად მამალაძემ.
სოფიო ცინცაძემ, კობა კალანდაძემ, აკაკი ყაჭეიშვილმა და ლაშა თოლორდავამ მათ სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს – მოსახლეობა ამ სოფლების უმეტესობაში უწყლოდაა დარჩენილი და პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.
მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგი ბოლქვაძემ იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელიც წყლის უხარისხობისგან გამოწვეულ ზეგავლენას შეარბილებს; მისი აზრით, შესაძლებელია წყლის შემკრები აუზების შემოღობვა და მის გარშემო ეკოზონის შექმნა.
მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში იმ თანხების მობილიზების ლობირება იყო, რომელიც ხუთ საპილოტე სოფელში – შუაამაღლებაში, შუაფარცხმაში, იანეულში, ბუკისციხესა და ხიდისთავში წყლის სინჯების აღებას და ვარგისიანობაზე ლაბორატორიულ კვლევებს მოხმარდეს.
დისკუსიის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას, ამ ხარჯების გათვალისწინების საკითხს მხარი დაუჭირონ.