თუ წლევანდელ ზამთარს გავითვალისწინებთ, რომელიც თავს არ გვანებებს და თებერვლის მიწურულსაც თოვს, ადვილი შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე ყინვებმა იმძლავროს. სწორედ მაშინ, როცა მცენარე ყვავილობას იწყებს.
გურიაში, სადაც ხშირი არ არის ყინვები, წლევანდელი ცივი და თოვლიანი ზამთარი საშიშროებას ქმნის. ამიტომ თებერვლის ბოლოსთვის მზად უნდა გვქონდეს სხვადასხვა ხმელი მასალა _ ფოთლები, წიწვები, რომელიც უხვად ყრია ნაძვებიან ტერიტორიაზე. ასევე, უნდა გამოიყენოთ მანქანის ძველი საბურავები.
მასალა, რომელსაც ცეცხლს წაუკიდებთ, ვაზის, კივის, მანდარინის თუ ხეხილოვანი ბაღების ტერიტორიაზე სწორხაზობრივად ისე განალაგეთ, რომ ტერიტორია მთლიანად მოიცვას _ ერთ ადგილზე ცეცხლის დანთება მთელ ბაღს ვერ უშველის.
ცეცხლი საღამოს პირას ისე უნდა დავანთოთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბოლავდეს და არ ჩაქრეს. თუ შეატყობთ, რომ ყინვა ძლიერია, სასურველია, მცენარეებს ღამეც უთიოთ და დრო და დრო ცეცხლი განაახლოთ.
ყინვების დასრულების შემდეგ, მცენარეებს კარგად უნდა დააკვირდეთ _ შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა, ერთი ან ორწლიანი ნარგავები მაინც წაყინოს. ამიტომ, ის ჩვეულებრივ უნდა გავსხლათ.
მოყინულ ადგილებს კარგად შევამჩნევთ მცენარის ვეგეტაციის დაწყების დროსაც. ტოტების ზედა ნაწილში წაყინული კვირტები დამჭკნარი იქნება და აღარ გაიშლება. ამიტომ, ის აუცილებლად წავასხლათ, რომ ქვედა ნაწილს განვითარებაში ხელი არ შევუშალოთ.
წაყინვის თუ ნებისმიერი ადრე საგაზაფხულო სხვლის დროს, მოიშველიეთ ბაღის მალამო ან ჩაანაცვლეთ ის ნატურალური სანთლით. არ დატოვოთ შიშველი წანასხლავი ადგილები, რადგან ასე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ მცენარის წაყინული ტოტების განახლების საკითხს.