საპოლიციო კონტროლის შედეგად სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით 127 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც შსს-ს ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შსს-თქმით, რატიანი წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს. პოეტი ამჟამად გათავისუფლებულია. გამოძიება კი გრძელდება.
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გახორციელებულ საპოლიციო კონტროლის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრობს. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მოხდა თუ არა ე.წ. რეიდების ფარგლებში პოეტ ზვიად რატიანზე პოლიციელების მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტება, გამოძიების დასადგენია. ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, საპოლიციო კონტროლი ისე უნდა გახორციელდეს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები კარგად იყოს დაცული.
,,პოეზიაში შემოვიდა ახალი ჟანრი სახელად გინება. ჩემთვის გაუგებარია, გინების გამო პასუხი რატომ არ უნდა აგოს ადამიანმა. ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. შეიძლება პოლიციამ გადაამეტა საკუთარ უფლება-მოსილებას და გადაცდომასთანაც გვქონდეს საქმე, მაგარამ ფაქტი ის არის, რომ ზვიად რატიანი არ უარყოფს, რომ პოლიციელებს აგინებდა. ბევრი ამბობს, პრემიერი თუ იგინება მე რატომ არ უნდა ვიგინებოდეო, მაგრამ კვირიკაშვილმა ხუთჯერ მოუხადა საზოგადოებას ბოდიში და თქვა, შევცდიო. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველები ვაგინეთ და ვლანძღეთ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. აუცილებელია, გაირკვეს მოხდა თუ არა პოლიციელების მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტება და ზვიად რატიანის ცემა. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელების მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტება ადასტურებდა, მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი. გამოძიება მიმდინარეობს და მის კომპეტენცია არის სიმართლის დადგენა. რაც შეეხება საპოლიციო რეიდებს, სიმართლე გითხრათ, არ იქნება სწორი თუ დავუბრუნდებით შევარდნაძის პერიოდს, როცა პოლიციელების მხრიდან ხშირად ხდებოდა უფლება-მოსილების გადამეტება. საპოლიციო კონტროლი ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქალაქეების უფლებები კარგად იყოს დაცული“- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22-24 დეკემბერს საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სულ 127 დაკავებულია პირი. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის, არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები; სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი; ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი; ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები; ამოღებულია 54 ხელყუმბარა, 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 22 კაფსულ-დეტონატორი, 3 740 ცალი ვაზნა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სულ გადამოწმდა 52 000 -მდე ადამიანი.