ISFED დააკვირდა პოსტსაარჩევნო პერიოდში იმ მუნიციპალიტეტებში განვითარებულ მოვლენებს, სადაც უმრავლესობა მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
ეს მუნიციპალიტეტებია: თვითმმართველი ქალაქები – რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები – ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ჩამოთვლილ თვითმმართველ ერთეულებში, მართალია, მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა მანდატების უმრავლესობა, თუმცა ეს ვერ მოახერხა ცალკე აღებულმა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პარტიებს შორის თანამშრომლობისა და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას უკავშირდება, მათ შორის, თანამდებობის პირების არჩევის საკითხებზე.
” საკრებულოებში მიმდინარე პროცესები ნათლად წარმოაჩენს ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებებს, რომელთა შორისაა ძალაუფლების განაწილების მიუღებლობა, საზოგადოების საკეთილდღეოდ შეთანხმების მიღწევის სირთულე, უარეს შემთხვევაში – შეუძლებლობა, თვითმმართველობის არსის გაუცნობიერებლობა და რეალურად დეცენტრალიზაციის არარსებობა”,_ ნათქვამია ISFED-ის კვლევაში.