გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან 15 აპრილის საღამომდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.
თბილისში 15 აპრილის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 16 აპრილს გაწვიმდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან თბილი და უნალექო ამინდი იქნება.