“დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში” _ აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინა და მომხარებელები მკაცრად გააფრთხილა.
“სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა _ დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში.
მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებით ირკვევა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან 2015 წლის 9 სექტემბერს მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე, თუმცა, ამ საკითხზე განცხადებები მაშინ არ გაკეთებულა.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.
“სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება”, _ აღნიშნავენ სააგენტოში.