საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობამ და ,,ევროპულმა საქართველომ“ ერთობლივად მიიღო, თუმცა აღნიშნულმა ფაქტმა ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთ დეპუტატში უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატების კრიტიკას ,,ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეზოლუციასთან დაკავშირებული საერთო კონსენსუსისა, გუნდებს შორის არანაირი სახის დაახლოება მომხდარა.
,,ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, რომ უკვე მოვედით ხელისუფლებაში. მინდა დაგამშვიდოთ, ეს ჯერ არ მომხდარა. ეს მოხდება, მაგრამ, რომ მოხდება, გაიგებთ ძალიან მკაფიოდ. ასევე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ , ჩვენ გუნდებს შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა. არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ,,ქართული ოცნების“ საზიანო, მავნებლური ან პასიური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ფუნდამენტურად შეიცვლება. ჩვენ შორის რჩება ისეთივე განსხვავებები, როგორიც იყო. არ არის საჭირო ბევრი ხაზგასმა და კბილების ღრჭიალი, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, ლაპარაკი უნდა იყოს საქმეზე და საქმიან შედეგზე“, _ განაცხადა ბოკერიამ.