მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში დაჭრილ 15 წლის მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. მას 5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის და წელის არეში.
ამ ეტაპზე ოპერაცია მოზარდს გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გამო უტარდება.
ექიმის თქმით, ჭრილობები 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.
“4-5 ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში და მუცლის არეში. დანით მიყენებული ჭრილობა. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია პლევრის ღრუში სისხლდენა, თითქმის 1 ლიტრა სისხლი იყო ჩაღვრილი, 15 წლის ასაკში ეს მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგია,”-განაცხადა ინგოროყვას კლინიკის პროფესორმა, ვახტანგ ქაცარავამ.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში, დაახლოებით, 40 წუთის წინ გადაიყვანა.
“რუსთავი 2”-თან საუბრისას მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს.