1966 წლის ზაფხულში, პოეტ ირაკლი აბაშიძის თავკაცობით, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნა “რუსთველის დღე”. საზღვარგარეთიდან მოწვეულნი იყვნენ არა მარტო “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელები, არამედ თითქმის ყველა ქართველოლოგი.
მთელი კვირის მანძილზე ჩატარდა სხვადასხვა მიღებები, შეხვედრები, კონცერტები და ექსკურსიები. ასევე თბილისში თითქმის ყველგან შეხვდებოდით რუსთაველის გამონათქვამებს. მაგალითად რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით 20-მეტრიან ტილოზე ეწერა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”.
დასრულდა საზეიმო დღეები და სტუმრებმაც თბილისის დატოვება დაიწყეს. ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი აეროპორტისაკენ აცილებდა ისტორიკოს ჯეიმს ალენს და ქართველოლოგ დევიდ მარშალ ლენგს.
როდესაც აეროპორტის ტრასაზე გავიდნენ, უცებ ახარხარდა დევიდ ლენგი და მასპინძლებს მანქანის გაჩერება სთხოვა. როდესაც ამისი მიზეზი ჰკითხეს, მან ხელი გაიშვირა ვეებერთელა სარეკლამო დაფისკენ, სადაც დიდი ასოებით ეწერა – “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, ქვევით კი _ “ იფრინეთ აეროფლოტით”.