ახლახან, სოფელ გურიანთის მკიდრმა, ია ჭარხალაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
„ეს უკვე ყველანაირ ფარგლებს სცდება, სახლში მოკითხვა და პასუხის მოთხოვნა ვის დავუჭერთ მხარს, კოტეს, დათას თუ არჩილს და ნინოს, ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი და დანაშაულის ტოლფასია. გელა ქავჟარაძე, ოცნების კანდიდატის, ნინო მახარაძის დაქალის, სოფიკო ეგნატიევის ქმარი 10 წუთის წინ გვესტუმრა, მუქარით, ჩვენი კანდიდატების ლანძღვითა და გინებით ცდილობდა ვახოს დაშინებას. ეს არის ქართული ოცნების, არჩილ თალაკვაძისა და მათი კანდიდატების სახე, წინასაარჩევნო გარემო აქვთ ასეთი, როგორ შეიძლება ესენი მოვიდეს და მართოს გურიანთა??? დაფიქრდით, ხალხნო!!!
P.S. ბატონებო, არასწორ მისამართზე ხართ, ყველაფერს აქვს საზღვარი და თუ კიდე ერთხელ გადმოკვეთავთ წითელ ხაზს, პასუხს სამართალდამცავების წინაშე აგებთ.“ _ წერს ჭარხალაშვილი.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ია ჭარხალაშვილს, რამდენად შეეფერება მისი სტატუსი სიმართლეს:
_ სიმართლეა, უფრო მეტიც, მოვარდნენ, ფანჯრიდან მოვასწარი გელა ქავჟარაძის მანქანის გადაღება. „ბიჭო, შენ…სადაური წესია? ვის უჭერ მხარს? _ ყვიროდა ქავჟარაძე. თუ კიდევ გამეორდება, სასწრაფოდ დავრეკავთ პოლიციაში. აღარაფრის ეშინიათ უკვე, ასე დაქრიან…“ _ გვითხრა ჭარხალშვილმა.
„გურია ნიუსი“, ასევე, ესაუბრა გურიანთის მკვიდრს, გელა ქავჟარაძეს.
_არაფერი არ მითქვამს. „პროსტა“, მივდიოდი და გადაუღო მანქანას ფოტო. შუღლი აქვთ ჩემ მიმართ რაღაც. გუშინ სტატუსი გამოაქვეყნეს, რომ მელექედურელ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს. მე ვუთხარი, რომ არ არის ლამაზი შენი საქციელი, ჩვენმა სოფელმა, გურიანთამ მხარი დაუჭიროს ადგილობრივ კანდიდატს-თქო. მითხრა, რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და დამოუკიდებელ კანდიდატს ვუჭერ მხარსო… კი, ბატონო, დაუჭირე, მაგრამ ფეისბუკზე რას აპიარებ-თქო… მეტი არაფერი მითქვამს, _ გვითხრა გელა ქავჟარაძემ.
მან, ასევე, თქვა, რომ კონფლიქტს და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია და არც ექნება.
ია ჭარხალაშვილმა და მისმა მეუღლემ, ვახტანგ ტოტოჩავამ „გურია ნიუსთან“ დაადასტურეს, რომ წინა დღით დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი სტატუსი გამოაქვეყნეს.
_ საქმის გასარჩევად მოგვიხტნენ. რა მათი საქმეა, ჩემ გვერდზე რას დავწერ? ვახსენე ესენი? შეურაცხყოფა მივაყენე? _ გვითხრა ტოტოჩავამ და გვთხოვა, გვენახა წინა დღით გამოქვეყნებული მისი სტატუსი, რისთვისაც, მისივე თქმით, სახლში მიუვარდნენ:
სტატუსი ასეთი შინაარსისაა:
„ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით, ჩემი მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს Data Mikelashvili -ს…
სოფელ გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, სოფელ მელექედურის ამომრჩეველს შეუძლია, გამოხატოს ნდობა და პატივისცემა “დამოუკიდებელი” განათლებული, გამოცდილი პიროვნების, ღირსეული კანდიდატის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ არცერთი პარტიის აზრის გამტარებელი არ ხარ და ორიენტირებული ხარ მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე…
ხალხის კეთილი ნებით, 30 ოქტომბერს გავიმარჯვებთ…“
[sexy_author_bio]