“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი, ჩოხატაურში, სოფელ ჯვარცხმაში, საარჩევნო უბნის წინ მდებარე შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმამაღალი საუბარი გაიგონა.
იქ მისულებს მთვრალი ადამიანები დაგვხვდნენ, რომლებიც, როგორც გავარკვიეთ, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც შეეცადა ჩვენს ობიექტივს დამალვოდა, დავით თოდრია იყო _ ის ახლა “ქართული ოცნების” წევრია, თუმცა, 2012 წელს სწორედ “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოდა და ბრძოლის გეგმებს საკუთარ სახლში, ვანო მერაბიშვილთან ერთად განიხილავდა.
მაშინ, მერაბიშვილს სტუმრობა თოდრიას ეამაყებოდა, თუმცა, დღეს ამაზე საუბარი არ სურს. არც იმაზე, რამ შეაცვლევინა პოზიცია.
თოდრიამ არ გვიპასუხა კითხვაზე, რას აკეთებდნენ საარჩევნო უბნის წინ მდებარე შენობაში და რისთვის შეიკრიბნენ ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ “ნაციონალებს” უჭერდნენ მხარს, ახლა კი _ “ქართულ ოცნებას”.
მთვრალი ადამიანების საარჩევნო უბნის მიმდებარედ ყოფნა ვერც “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კლოდი მდინარაძემ აგვიხსნა, რომელმაც აქეთ დაგვდო ბრალი პროვოკაციის მოწყობაში. ეს მაშინ, როცა მდინარაძის თანმხლები მთვრალი ადამიანები ჩვენთან “საქმის გარჩევით” იყვნენ დაკავებულები და მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ “გურია ნიუსს” წარმოვადგენდით, “ნაციონალების მოგზავნილებიც“ გვიწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯვარცხმის საარჩევნო უბნის მიმდებარედ მთვრალი ადამიანები ათზე მეტნი არიან.