ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისთვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.
საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.
დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ. „დღის თემა“ ცოტა მრავალფეროვანი გავხადეთ და ამ საქმეში საბჭოთა კონტრდაზვერვის ქართველი თანამშრომლების ერთი-ორი მოგონებაც დავუმატეთ.
დღევანდელი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი პოლკოვნიკი თემურ გაგუა გახლავთ.
„ერთხელ ლვოვის მახლობლად მდებარე პოლიგონზე გაგვგზავნეს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად და გახარებული ვიყავი, რადგან ასეთი სწავლებები საუკეთესო დროის გატარების საშუალებას გვაძლევდა. ფორმალურად ცოდნა-გამოცდილება უნდა აგვემაღლებინა, სინამდვილეში კი ჭამა-სმის მეტს არაფერს ვაკეთებდით. გამონაკლისი არც ლვოვის ორკვირიანი სწავლება იყო და, პირველივე დღიდან რომ დავიწყეთ სმა, ბოლომდე ასე ვაპირებდით გასვლას… მაგრამ, ჩვენი „გულაობა“ ერთმა შემთხვევამ ჩაამწარა.
ლვოვის პოლიგონზე ერთი ძველი არტილერისტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ინვალიდი მაიორი პავლე ჟუკოვი მუშაობდა, რომელსაც ყველა იცნობდა და, მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის იყო, სამსახურიდან არ ათავისუფლებდნენ. ჟუკოვი საკმაოდ ჭარმაგი მოხუცი იყო, თუმცა, ომის დროს მიღებული კონტუზია დროდადრო ახსენებდა ხოლმე თავს და იმ მომენტში გონება ებინდებოდა და დრო და სივრცე ერეოდა. ერთ მშვენიერ ღამეს, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო გადაშლილი უზარმაზარი პოლიგონის თავზე, ხოლო ჩვენ, უფროსი ოფიცრები, არყით ვქეიფობდით, ისეთი საშინელი სროლა ატყდა, რომ გვეგონა, ცა დაგვექცა თავზე. ყველანი გარეთ გავცვივდით და რას ვხედავთ, მეორე დღის საწვრთნელი მეცადინეობისთვის გამზადებული ათივე „გრადი“, რომლებიც სასწავლო ჭურვებით იყო დატენილი, ერთბაშად ისვრის და იქაურობა ჯოჯოხეთივითაა განათებული. იქვე კი პავლე ჟუკოვი დგას და ღრიალებს: „დასცხეთ, ბიჭებო! მასე, ყოჩაღ! ფაშისტებს დასცხეთო…“
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საცოდავ პავლე ჟუკოვისთვის ვიღაცას დაურეკავს და უთქვამს, ფაშისტებმა შემოგვიტიეს და თუ დროზე არ გააჩერებ „კატიუშებით“, ყველა დაიღუპებითო. საცოდავ ინვალიდს თავი მეორე მსოფლიო ომში ეგონა, მით უმეტეს, რომ ახალგამოღვიძებული იყო. ამიტომ ის საცვლებისამარა გამოვარდა გარეთ, „გრადები“ აამუშავა და „ფაშისტების შეტევა მოიგერია“. მოხუცი არტილერისტი, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენ კი უმკაცრესი დისციპლინა მოგვთხოვეს და „გულაობაც“ დასრულდა. მაგრამ, ამას ვინ ჩიოდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, „გრადებში“ რომ ნამდვილი ჭურვები ყოფილიყო. მაშინ მაიორი ჟუკოვი მთელ ლვოვს გაანადგურებდა და ათასობით ადამიანს დახოცავდა“.
ბატონი შოთა გარდაფხაძე საბჭოთა ჯარში კი მსახურობდა, მაგრამ იმდროინდელ კონტრდაზვერვაში ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მოგეხსენებათ, ქართველს გართობა ყოველთვის უყვარს და ბატონი შოთაც ერთხელ ფრიად უცნაურ „ვითარებაში“ აღმოჩნდა.
„მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ასტამურ ჰაკბა 1971 წელს მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გაგვგზავნეს და მთელი ერთი თვე მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში„ ვცხოვრობდით. დღისით ვსწავლობდით, ღამით დროს ვატარებდით და ასე გადიოდა დრო. ფული გვქონდა და რესტორნებს არ ვიკლებდით, მაგრამ ძალიან გვაინტერესებდა სავალუტო ბარში შესვლა, სადაც მხოლოდ უცხოელებს უშვებდნენ. მაშინ ვალუტის ქონა საბჭოთა ადამიანებს ეკრძალებოდათ და ამისთვის ძალიან მკაცრად ისჯებოდნენ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ასტამურმა გავრისკეთ, 150 მანეთად 130 დოლარი შევიძინეთ გადამყიდველთან და ერთ მშვენიერ დღეს სავალუტო ბარში შევაჭერით, თან, შეთანხმებულები ვიყავით, რომ სიტყვა არ დაგვეძრა არც რუსულად, არც ქართულად, რათა არ „გავშიფრულიყავით“ და შარს არ გადავყროდით, თუმცა, შარს მაინც ვერ ავცდით – ვიღაც ორი მთვრალი უცხოელი შემოგველახა, რომლებიც ჩვენი ქალების წაყვანას ცდილობდნენ და კარგა მაგრად ვთეთქვეთ, მაგრამ, იქიდან დროზე გასვლა ვერ მოვასწარით, მილიციის ოპერჯგუფი მაშინვე მოვიდა. საქმის გარჩევა რომ დაიწყო და რამდენიმე ენაზე გვკითხა ვინაობა, მე და ასტამურმა აფხაზურად დავუწყეთ საუბარი. გადაცმული მილიციელები დაიბნენ, რადგან ვერ გაერკვნენ, რა ენაზე ვსაუბრობდით და მილიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. მით უმეტეს, რომ პასპორტები არ გამოვაჩინეთ.
მაგრამ, როგორც ჩანს იმ დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეზე იყო და ოპერჯგუფის უფროსმა, გვარად ლეონოვმა, რომელიც ძველი სოხუმელი აღმოჩნდა და ყველაფერს მიხვდა, ხელქვეითებს უთხრა:
– თავი დაანებეთ, ჯანდაბას ამ უცხოელების თავი, ერთმანეთი დაუხოცავთო…
ასე გადავრჩით უმკაცრეს სასჯელს. ლეონოვი კი მოვძებნეთ, რესტორანში დავპატიჟეთ და ისიც ხალისით იხსენებდა სოხუმში გატარებულ ბავშვობას“.
პოლკოვნიკი გენო ლაღიძე თავის დროზე ავღანეთში მსახურობდა. ალბათ გაიკვირვებთ, იმ წლებში და იმ ქვეყანაში რა კურიოზი შეემთხვაო, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნება თუ თავად ბატონ გენოს მოვუსმენთ.
„1980 წელია. ავღანეთში ვართ და მე და ჩემი მედესანტე მეგობრები წითელი არმიის დღეს აღვნიშნავთ სასადილოში. ბრძოლიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. ჩვენი მეთაური, პოდპოლკოვნიკი რაევსკი, თვალის მოსატყუებლად წავიდა ყაზარმაში და დაგვიბარა: სუფრას რომ გაშლით, გამაღვიძეთ და მოვალო. სასადილოში ერთი ბაქოელი მზარეული იყო, ვაჰიდ ბაბაევი, რომელსაც ვუთხარით, ყაზარმაში წასულიყო და რაევსკი გაშლილ სუფრასთან მოეწვია. ვაჰიდა წასასვლელად გაემზადა, რომ გივი კიკაბიძემ უთხრა:
– ვაჰიდ, თუ არ გაიღვიძოს და ხვრინავდეს, პირში წყალი ჩაასხი და ისე გააღვიძე, ნუ გეშინია, არაფერს გეტყვისო.
გივი კიკაბიძე თბილისელი, შაყირისტი ტიპი იყო და რუსებს ატყუებდა, ბუბას ძმა ვარო, ხოლო, რადგან რუსებს ბუბა ძალიან უყვარდათ, მისი ხათრით ბევრ რამეს უკეთებდნენ. ის კი ზოგჯერ ისეთ „შტუკებს“ უწყობდა, ბუბას „ძმა“ რომ არ ყოფილიყო, ნაღდად „გაადისბატებდნენ“.
ბაბაევი სულ რაღაც ორიოდე წუთის გასული იყო, როდესაც ყაზარმიდან არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა. უცებ, სასადილოში გაფითრებული ბაბაევი შემოვარდა, რომელსაც ავტომატმომარჯვებული, შიშველი პოდპოლკოვნიკი რაევსკი მოსდევდა. ბოლოს, რაევსკის ავტომატი გაუვარდა, ყელზე იტაცა ხელები და უგონოდ დაეცა.
– რაშია საქმე? – ვკითხე ბაბაევს.
– უფროსს ეძინა და ხვრინავდა. რომ ვერ გავაღვიძე, როგორც მასწავლეთ, ისე მოვიქეცი. მისი მათარა ავიღე და პირში ჩავასხი წყალი. ის კი წამოხტა, ავტომატი მოიმარჯვა და გამომეკიდაო, – თქვა შეშინებულმა ვაჰიდმა…
საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის წართმეული თერმული მათარები გვქონდა და როგორი ტემპერატურის წყალსაც ჩაასხამდი შიგნით, ისეთივე ტემპერატურას ინარჩუნებდა. რაევსკის მათარაში კი მდუღარე ესხა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა, როდესაც მძინარეს ჩაასხამდნენ პირში…
რაევსკიმ სამი თვე იმკურნალა. ბაბაევს არაფერი უთხრეს, რადგან კიკაბიძემ ყველაფერი აღიარა. თვითონ კიკაბიძე კი მკაცრი სასჯელისგან ბუბას „ძმობამ“ იხსნა.
დღევანდელი „სამხედრო-დაზვერვითი“ მოგონებების ბოლო სტუმარი პოდპოლკოვნიკი გივი ჯაში იქნება. ბატონი გივი „ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვაში მუშაობდა.
„გაგანია „ზასტოია“, სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდი და „ცივი ომი“ პიკს აღწევს. იმ დროს მოსკოვში, ლუბიანკაზე ვმუშაობდი, საგარეო დაზვერვის ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელსაც შპიონაჟისთვის მსჯავრდებული პატიმრების საკითხების მოწესრიგება ევალებოდა. ციხეში უცხოელებს კორექტულად ექცეოდნენ და „ცივი ომის“ მიუხედავად, თვეში ერთხელ, მათ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები აკითხავდნენ. ერთხელ უფროსმა გამომიძახა და მითხრა:
– „წითელი ჯვრის“ საშუალებით ამერიკელებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე, ჯაშუში სილვესტერი აუტანელ პირობებში იხდის სასჯელს. თითქოს მას რეგულარულად აუპატიურებდნენ, როგორც სხვა პატიმრები, ასევე, ციხის ზედამხედველები. ამერიკელები კატეგორიულად მოითხოვდნენ ექსპერტიზის ჩატარებას და მომახსენე, რაშია საქმეო.
ნეით სილვესტერი 39 წლის მამაკაცი იყო და ჯაშუშობისთვის 8 წელიწადი ჰქონდა მისჯილი. მას, ისევე როგორც სხვებს, საკმაოდ ნორმალურად ეპყრობოდნენ და გაუპატიურება გამორიცხული იყო. ამიტომ, მე ჩემს უფროსს ვუთხარი:
– ამერიკელების ინფორმაცია დემაგოგიაა და თუკი ხელმძღვანელობა საჭიროდ ჩათვლის სილვესტერთან ექსპერტების დაშვებას, მაშინ ისინი თავად დარწმუნდებიან ამ განცხადების აბსურდულობაში-მეთქი.
მეორე დღეს საბჭოთა მთავრობამ იმ ეპოქისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ციხეში სილვესტერთან, ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, მათი ჟურნალისტებიც დაუშვა. ჩვენი მხარის მოთხოვნით, ამერიკელებს ეს ექსპერტიზა უნდა გადაეღოთ, რათა მოგვიანებით, არ ეთქვათ, რომ სილვესტერს მართლაც აუპატიურებდნენო.
დაინიშნა ექსპერტიზის დღე. ციხეში ამერიკელი ექსპერტი და ერთ-ერთი მსხვილი ტელეკომპანიის ჟურნალისტები შევიყვანეთ. ოპერატორმა კამერა მიმართა, შემდეგ სილვესტერი შემოიყვანეს და ექსპერტიზა და გადაღება ერთდროულად დაიწყო.
ექიმმა სილვესტერი გააშიშვლა, შემდეგ მისი უკანალის დათვალიერება დაიწყო. უცებ პატიმრის მუცელმა დაიბუყბუყა და მისი უკანალიდან გამოტყორცნილმა მასამ ერთდროულად დააზიანა ექსპერტიც და ჟურნალისტების კამერაც.
სილვესტერი, რა თქმა უნდა, ხელუხლები აღმოჩნდა და გაუპატიურება არ დადასტურდა, მაგრამ რამ აუშალა კუჭი პატიმარს, ეს ვერავინ დაადგინა და ამერიკელები კუდამოძუებულები გაბრუნდნენ უკან“.