როგორც ტელეკომპანია “ტვ პირველი” იუწყება, იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც ჩოხატაურსა და ოზურგეთში 300-300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონები უნდა ააშენოს, საქართველოდან გაიქცა _ შპს “საბა კონსტრაქშენის” მფლობელის, ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის გაქცევის შესახებ ინფორმაციას მელაძის “შაბათი” ავრცელებს.
ცნობისთვის, სლავა შერაზადიშვილი მმართველ გუნდთან დაახლოებული მილიონერია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყნიდან დაკავების საფრთხის გამო წავიდა, რადგან წლების განმავლობაში მოგებული ტენდერებიდან მიღებული მილიონების მიტანა მოსთხოვეს.
“სლავა შერაზადიშვილი გამდიდრდა ანზორ ჩუბინიძესთან დაახლოებით. ანზორ ჩუბინიძეს ჰქონდა დაცვის კომპანია, სადაც ამუშავებდა სლავა შერაზადიშვილს და მთელ მათ საძმაკაცოს.
2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები დასაქმდნენ, სფეროები გაიყვეს _ ზაზა გულიაშვილი მერი გახადეს, სლავა შერაზადიშვილს ტენდერები მოაგებინეს _ მის კომპანიას მოარგეს სატენდერო პირობები. ამ კომპანიას არ ჰქონდა გამოცდილება, რომ ქარელის აუზის ტენდერი მოეგო, მაგრამ “ოცნების” გარემოცვიდან მას დაუწერეს სარეკომენდაციო წერილი ბათუმის აუზისგან და ამ შემთხვევაში ასე აშოვნინეს ფული.
რა ხარისხით არის გაკეთებული ყველამ კარგად იცის. აუზის გახსნის შემდეგ მოსახლეობა ამბობდა რომ შენობიდან კაფელი და მეტლახი ცვიოდა. ვისაც ფული აშოვნინა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა თანხის უკან მიტანას სთხოვს. როგორც ჩანს, სლავა შერაზადიშვილს არ უნდა ამ ფულის უკან დაბრუნება. თავისი მილიონების გადასარჩენად არის გაქცეული“, _ ამბობს ოპოზიცია ქარელში.
ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია.
მისი თქმით, თუ მას რაიმე პრობლემები აქვს ფინანსურ ინსტიტუტებთან უნდა მოაგვაროს.
შპს “საბა კონსტრაქშენი” 2012 წლის 11 აპრილს დარეგისტრირდა. “ტენდერსმონიტორის” მონაცემებით, დაარსებიდან დღემდე კომპანიამ 197 ტენდერი მოიგო, რომლის საერთო ღირებულებაც 1 455 280 191.88 ლარია და 11 პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა, რისი ჯამიც 94 587 576.73 ლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, 2023 წელს სახელმწიფომ შერაზადიშვილის კომპანიას “საბა კონსტრაქშენს” ჯამში 355 000 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. საუბარი მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ პროგრამა “განახლებულ რეგიონებზეა”. ამავე კომპანიის მიერ არის შესრულებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 16 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება.
“ეს კეთდება ბავშვებისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ივარჯიშონ მაღალი დონის სტადიონებზე და ჰქონდეთ განვითარების რეალური შესაძლებლობა“, _ აღნიშნა ოფიციალური ინფორმაციით ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა აშენდეს უმაღლესი ხარისხით და ამ მიმართულებით კომპრომისი არ დაიშვება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი განხორციელდება ყველა ეტაპზე პროექტირების, ზედამხედველობისა და შესრულების ყველა დეტალის ჩათვლით.
რევაზ სოხაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას. პროექტის ფარგლებში იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ინვესტიციას მომავალ თაობაში და რეგიონების მდგრად განვითარებაში
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებლებისთვის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა _ გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში _ როგორც ზევით ვწერდით, გურიაში ეს სამუშაოები “საბა კონსტრაქშენმა” უნდა შეასრულოს.




























































