გასულ პარასკევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის შესახებ დადგენილება დაამტკიცეს.
საკითხი სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ წარმოადგინა, რომელმაც საკრებულოს სხდომის წინა დღეს, ბიუროს სხდომაზე, ყოველგვარი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ “გურია ნიუსი” “ათას სისულელეს წერს”.
ამ განცხადების ავტორ ოსიკოს, რომელიც “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს სულელებად მიიჩნევს (“სისულელეებს” მხოლოდ სულელები წერენ, ოსიკო!) და რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ სისულელეები და ჭკვიანური გამონათქვამები ერთმანეთისგან გაარჩიოს, როგორც აღმოჩნდა, წესიერად კითხვაც არ შეუძლია _ წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილების პროექტის გარკვევით დაწერილ ტექსტს უშეცდომოდ წაიკითხავდა და მონტაჟს დემონტაჟში არ აურევდა.
ის, რომ დემონტაჟს და მონტაჟს შორის დიამეტრალური განსხვავებისთვის საკრებულოს წევრებს ყურადღება არ მიუქცევიათ და ეს თემა “გაატარეს”, სხვა საკითხია. ამჯერად მთავარი ისაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკომ, საკრებულოს სხდომის წინა დღეს, ბიუროს სხდომაზე, ამ თემაზე მსჯელობისას, “გურია ნიუსს”, მის თანამშრომლებს და რამდენიმე ათას მკითხველს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ჩვენი გამოცემა ყოველდღე “ათას სისულელეს” წერს! თანაც, ამ დროს “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და საინტერესოა, ვის დაუმტკიცა ოსიკომ ერთგულება ჩვენი ლანძღვით?!
ოფიციალურ ჩანაწერში, რომელიც ბიუროს სხდომაზეა გაკეთებული, გარკვევით ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ოსიკოს პასუხი ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალის გამო მოთხოვა, რომელშიც მერიის ოფიციალური კომენტარი იყო დაფიქსირებული. ამ კომენტარით მერია ცალსახად აცხადებდა, რომ მრავალსართულიანი სახლების მობინადრეების სამართლიანი მოთხოვნის გახორციელებას, რომ მერიას ლიფტები შეეკეთებინა, საკრებულო უშლიდა ხელს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოითხოვა, მერის მოადგილეს განემარტა იყო თუ არა ეს მერიის ოფიციალური პოზიცია. ოსიკომ თქვა, რომ არც მას და არც მერს აღნიშნული მედიასაშუალებისთვის კომენტარი არ მიუცია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ამ განცხადების შემდეგ ღურჯუმელიძემ ოსიკოს შეახსენა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია (ოსიკო რომ პოლიტიკური თანამდებობის პირია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!! რედ.) და იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მასაც შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონოდა და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა: _ ასეთ შემთხვევაში, მერი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს არ არის მერიის პოზიცია და რომ ამ საკითხზე სხვანაირად ვთანამშრომლობთ.
ღურჯუმელიძის ამ რეპლიკას პოლიტიკოსისთვის საკმაოდ უცნაურად, უადგილოდ და მეტად სულელურად უპასუხა ოსიკომ: _ “გურია ნიუსი” ათას სისულელეს წერს ყოველდღე. გამოსულა როდესმე რომელიმე თქვენგანი?! ერთი დაწერა ამ მედიასაშუალებამ და რა მოხდა?!
“ჭკუასაკითხავმა” ოსიკომ, მისი აზრით, “გურია ნიუსის” მიერ დაწერილი “ათასი სისულელისგან” თუნდაც ერთი, ვერც ბიუროზე და ვერც შემდეგ, ჩვენს ჟურნალისტთან საუბრისას ვერ დაასახელა; მან ვერც ის განმარტა, რა შუაში იყო “გურია ნიუსი” იმ კონკრეტულ შემთხვევაში! სწორედ ამაზეა ნათქვამი: სად მეფე ერეკლე და სად… ოსიკო?!