გაგიგიათ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალ ორგანიზმში, მათ შორის, ადამიანის ემბრიონებში, პლასტმასის მიკრონაწილაკებს პოულობენ? კაცობრიობა უკვე ყოველდღიურად აწყდება კატასტროფულ პროცესებს, რასაც მზარდი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება იწვევს.
მსოფლიო თანხმდება, რომ აუცილებელია ნარჩენების შემცირება, დახარისხება და ხელახალი გამოყენება.
საქართველოში, 2014 წლის მონაცემებით, ნაგვის მხოლოდ 0.03% გადამუშავდება, ხოლო დანარჩენი, მოუწესრიგებელ სანაგვე პოლიგონებსა და სტიქიურ ნაგავსაყრელებზე იყრება.
ინფორმაციის მოწოდების პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა გურიაში.
საქართველოს რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, 2012 წლის 24 აპრილს ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო კომპანია, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”. ამ კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტში (“2014-2024 წლის სტრატეგია”) ვკითხულობთ, რომ “კომპანიის სამოქმედო არეალს წარმოადგენს საქართველოს რეგიონები (ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი). კომპანიის იურისდიქციაში ამჟამად შედის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების 52 მოქმედი ნაგავსაყრელი (საერთო ფართობი _ 1 786 190 კვ.მ). კომპანიის იურისდიქციას არ განეკუთვნება ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაგავსაყრელები”.
ამ ჩამონათვალში არაა გურიის რეგიონი, რაც, სავარაუდოდ, მექანიკური შეცდომაა, რადგან, იქვე წერია, რომ “რეგიონებში ნაგავსაყრელების ეფექტურად მართვის მიზნით, კომპანიის მმართველობაში არსებული 9 რეგიონული ოფისი ფუნქციონირებს (ამბროლაური, რუსთავი, ახალციხე, გორი, მცხეთა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი და თელავი). რეგიონული ოფისები დაკომპლექტებულია რეგიონული კოორდინატორებით და პოლიგონების ოპერატორებით”.
მყარი ნარჩენების სისტემური მართვა რომ რთული და ხარჯიანი საქმეა, ამაზე არავინ დაობს. ამიტომ, კომპანიის დაფინანსების წყაროები, გარდა საკუთარი შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტების, დონორი ორგანიზაციებისა, კრედიტები და სესხებია. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება ნახტომისებურად იზრდება; მაგალითად, დაფინანსება 2012 წელს თუ 750 000 ლარს შეადგენდა, 2013 წლის საბიუჯეტო დაფინანსება 12 მლნ ლარი გახდა. ხოლო, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიას დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყო. ეტაპობრივად იზრდება დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, ევროკავშირი და სხვა). საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული შეღავათიანი კრედიტებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება: გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW) 20 მლნ ევროს მოცულობით აფინანსებს იმერეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს, რომელიც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებისთვის ევროპული სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (EBRD) 10 მლნ ევროს კრედიტით ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს აფინანსებს და ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება.
სტრატეგია, როგორც გითხარით, 10-წლიან ციკლს მოიცავდა და 2024 წელს, გაკეთებულის შეჯამების, ახალი სტრატეგიის შექმნის დროა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ რის უზრუნველყოფას გვპირდებოდა სახელმწიფო შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”:
“_ რეგიონული მასშტაბით მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მართვის ეკოლოგიურად, ფინანსურად, ნორმატიულად და ეკონომიკურად გამართული სისტემის განვითარებას;
_ საქართველოს რეგიონებში თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელების მშენებლობას;
_ მოქმედი ნაგავსაყრელების ევროსტანდარტების შესაბამისად დახურვასა და დახურული ნაგავსაყრელების შემდგომ მოვლა-მონიტორინგს;
_ გამართული ოპერირების გზით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების დონის შემცირებას;
_ მყარი ნარჩენების მართვის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების (მათ შორის საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისა და რეციკლირების პრაქტიკის) დანერგვას ქვეყნის მასშტაბით;
_ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობას;
_ მმართველობის ეფექტურ სისტემასა და ძლიერ ადამიანურ და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე დაფუძნებით ქმედითი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას;
_ ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს შორის (სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურები, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა) ეფექტური კომუნიკაციის განვითარებას;
_ თვითკმარი ფინანსური სისტემის განვითარების მიზნით, სახელმწიფო დაფინანსების პარალელურად, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას”.
ასეთი ვითარება უნდა გვქონდეს დღეისთვის ქვეყანაში, მათ შორის, გურიაშიც. ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეები _ დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კი ამბობს, რომ საქართველოში, სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ნაგავსაყრელი არ არსებობს. ის ნარჩენების განთავსების პოლიგონები კი, სადაც გურიიდანაც ხდება ნარჩენების გატანა, დასახურია:
“ჯერჯერობით, ჩვენ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი ნაგავსაყრელები არ გვაქვს. ევროპის დირექტივიდან გამომდინარე, ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ კლასიკური ნაგავსაყრელი, რომელიც იქნება ნაგვის მნიშვნელოვანი განთავსების ადგილი, იქნება გაკეთებული რამდენიმე რეგიონში ერთდროულად. 11-მდე თუ 12 -მდე უნდა გაკეთდეს. ახლა კეთდება პროექტი მყარი ნარჩენების განთავსებისა ზუგდიდში, მიმდინარეობს საუბრები იმერეთში, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობა იყო მოსახლეობისგან… არის საუბარი, რომ კახეთში უნდა გაკეთდეს. ევროკავშირის სტანდარტებით არსებული ერთ-ერთი პოლიგონი გაგვაჩნია ქობულეთში, რომელმაც ჯერ სრული ფუნქციონირება ვერ დაიწყო…
გურიას ორი მიმართულებით მიაქვს ნარჩენი: ნაწილი მიდის ფოთის ნაგავსაყრელზე, რომელიც უნდა დაიხუროს და ახალი უნდა გაკეთდეს; ნაწილი მიდის სამტრედიაში, რომელიც ასევე დასახურია. გამიზნულია, რომ გურიის ნარჩენი, ყოველ შემთხვევაში, ლანჩხუთის და ოზურგეთის, შეიძლება შევიდეს ქობულეთის ნაგავსაყრელზე, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო, ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება იმისთვის, რომ გადამტვირთავი სადგურებია გასაკეთებელი ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთშიც. სხვანაირად მუნიციპალიტეტები ვერ შეძლებენ, რომ ხარჯი დაფარონ. ისედაც მძიმეა ნარჩენის ტრანსპორტირების ხარჯი.
გურიაში გვაქვს თვით ნაგვის შეგროვების სერიოზული პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ განთავსებაზე. სეპარირებულ განთავსებაზე, ჯერჯერობით, ლაპარაკიც არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურს გააჩნია თავისი ნარჩენების განთავსების პოლიგონი, რომელსაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანია აკონტროლებს, ადგილი მდინარის ნაპირთან ახლოსაა, გარკვეულ რისკებს მოიცავს და უნდა დაიხუროს. ეს უკვე ევროსტანდარტი აღარ არის და სხვანაირი მიდგომა დასჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავიდეს სეპარირებაზე. ვიცი, რომ ოზურგეთში დაიწყეს სეპარირება, ლანჩხუთში ჯერ არ დაწყებულა, ჩოხატაურს კი უჭირს ტექნიკა. აქედან გამომდინარე, მოდი ვთქვათ, რომ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს ნარჩენების განთავსების კუთხით მთელ საქართველოში. ჯერჯერობით არ გვაქვს კლასიკურად, სტანდარტების მქონე ნარჩენების განთავსების პოლიგონი”, _ ამბობს ნინო ჩხობაძე.
“ჩემთვის, როგორც გარემოსდამცველისთვის ძალიან მძიმეა, რომ თითქმის არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც არსებობს გარემოს დაცვის კომიტეტი, არსებობს სანქცირება. უჭირთ საკრებულოებს, რადგან არ აქვთ ამ მხრივ გამოცდილება და ადამიანების დეფიციტია, _ ამბობს ჩხობაძე, _ ტერიტორია, რომელიც იყო ნაგავსაყრელი და ის კი არ გათავისუფლდა ამ ნარჩენებისგან, არამედ გადაიფარა მიწით, რაც ხდება ბევრ შემთხვევაში, ის მაინც რჩება ემისიის წყაროდ და ამ ტერიტორიაზე რამის დარგვა 30 წლის განმავლობაში არ შეიძლება, რადგან 30 წელი უნდა გავიდეს დახურვიდან”, _ მიაჩნია სპეციალისტს.
ჩოხატაურის ნაგვის პოლიგონზე, რომელიც მდინარესთან ახლოსაა, გარკვეული პერიოდულობით, ნაგვის მიწით გადაფარვა ხდება. საინტერესოა, რომ პოლიგონი კერძო ტერიტორიაზეა და მფლობელის ტექნიკით ხდება ნაგვის ფენისთვის მიწის მიყრა.
ჩოხატაურის სერვისჯუფის ხელმძღვანელი თემურ კოროშინაძე ამბობს, რომ ჩოხატაურს დასუფთავების 4 მანქანა ემსახურება. ბახმაროში სისუფთავის დასაცავად, დაახლოებით კი, 50 000 ლარია გამოყოფილი და ამ თანხაში, როგორც კოროშინაძე ამბობს, დასუფთავების მანქანების მომსახურების გარდა, თანამშრომლების ბინის ქირაც შედის:
“ოთხი დასუფთავების მანქანა გვყავს. სამომავლოდ, გვემატება ორი ახალი მანქანა, რომლებსაც უშუალოდ მარტო ბახმაროს მივამაგრებთ და გაუმჯობესდება დასუფთავების მხრივ მდგომარეობა. ზაფხულის სეზონზე დროში იწელება ნარჩენების გამოტანა, რადგან ოთხივე მანქანას ვიყენებთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ყოველ დილა-საღამოს ადიან მანქანები. რაც შეეხება სხვა სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას, სქემა ასეთია: დავუშვათ, არის ორშაბათი დღე. ამ დღეს ერთ მანქანას გავუშვებთ საჭამიასერის მიმართულებით და შეაგროვებს ნარჩენებს საჭამიასერში, კოხნარში, ბურნათში _ რაც გზად სოფლები ხვდება; მეორე მანქანა მიდის ვან-ზომლეთში და მიმდებარე ტერიტორიებიდან აგროვებს. შემდეგ იწყება სხვა მიმართულება, მაგალითად, ქვენობანი, ბასილეთი, ხიდისთავი და ა. შ. 4-5 საათისთვის დადის ორი მანქანა მარტო დაბაში და ასუფთავებს კონტეინერებს ნაგვისგან. თუ ხდება ისე, რომ ნაგვის ურნები გადაივსო, არ ველოდები გრაფიკს და ისევ ვუშვებ მანქანებს იმ კონკრეტულ სოფელში, სადაც ამის აუცილებლობაა”, _ ამბობს კოროშინაძე.
საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებულ ნარჩენებს, მანქანები გორაბერეჟოულის სიახლოვეს მდებარე ნაგავსაყრელზე ანთავსებენ.
“მუნიციპალიტეტის ნაგვის განთავსება ხდება გორაბერეჟოულს რომ ჩაცდებით, ხელმარჯვნივ არის კერძო პირის ტერიტორია, სადაც ხდება ამ ნაგვის შეკრება; თავისი ტექნიკა ჰყავს და, რომ დაგროვდება ნარჩენები, ხდება მიწის გადაყრა. ეკოლოგიურად დაცულია. ჩვენთვის ნარჩენების განთავსება უფასოა, მაგრამ თუ კერძო პირმა მოგვმართა, რომელსაც დაუგროვდა ნარჩენები და უნდა გადაყრა, მათთვის განთავსება ფასიანია”, _ ამბობს კოროშინაძე.
სერსვისჯგუფის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ არსებობს სოფლები, სადაც ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება ვერ ხერხდება, რადგან იქ ფიზიკურად ნაგვის გამომტან ავტომობილს გადაადგილება არ შეუძლია:
“ყველა სოფელში ფიზიკურად ვერ იქნება ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსებული, რადგან არის სოფლები, სადაც თითონ მანქანა ვერ ახერხებს მოძრაობას. თუ არის პრობლემური სოფელი, სადაც ყოველ კვირაში ვერ ავდივართ, ხდება ნაგვის შეგროვება სპეციალურად გასამართ მანქანაში, რომელიც არ არის მაღალი ტევადობის და ჩამოაქვს ნაგავი და ნაგავსაყრელზე ყრის”, _ ამბობს კოროშინაძე.
რაც შეეხება სტიქიურ ნაგავსაყრელებს, კოროშინაძე ამბობს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უადგილოდ დაყრილი ნაგავი “მართლაც ხშირად შეუნიშნავთ”:
“ბევრ ადგილას მართლაც ყოფილა სტიქიური ნაგავსაყრელების შემთხვევა. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჯარიმისთვის მიგვემართა. როცა თანამშრომელი გვეუბნება, რომ ამა და ამ სოფელში, ამა და ამ ადგილას ასე ხდება, ვურეკავთ კონკრეტული სოფლის რწმუნებულს და ვთხოვთ, გააფრთხილოს, კონკრეტული პირი, რომ ასეთ ქმედებაში თუ კიდევ იქნება შემჩნეული, დაჯარიმდება”, _ გვპასუხობს კოროშინაძე.
მისი თქმით, სპეცტექნიკის პარკის გაუმჯობესებას გეგმავენ, რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას:
“ვამზადებთ წერილს, რომ მივმართოთ თბილისის მერიას, “თბილსერვის ჯგუფს”, საუბარია “კამაზის” ტიპის ავტომობილზე, რომელიც დაასუფთავებს ჩვენს ქუჩებს და თან მორწყავს. პლუს ამას, ექნება ნიჩაბი და თოვლის დროს მარილის მოყრა იქნება შესაძლებელი ჩვენს ქუჩებში. თვეში ერთხელ მაინც რომ დასუფთავდეს ასე ჩვენი ჩოხატაური, უფრო მოვლილი იქნება. სარემონტო სამუშაოები რომ იყო, სამაშველო სამსახური დაგვეხმარა, მოსარეცხად 16 რეისი წყალი ამოვატანინეთ. გარდა ამისა, ვაპირებთ ურნების დამატებასაც (რატომ არ იყო გათვალისწინებული რამდენიმემილიონიან ინფრასტრუქტურულ პროექტში სამუშაო არეალის მოწესრიგება შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ, გაუგებარია! რედ.).
აქვე, მინდა ჩვენს რაიონის მოსახლეობას მივმართო, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს. სკამი გატეხეს ქვით… ვანდალიზმია ეს, აბა რა არის? თქვენთვის, მოსახლეობისთვის ლამაზდება ეს ყველაფერი და ჩვენ თუ არ მივხედავთ, სხვა ვინ მოუვლის?! გარდა ამისა, მწყობრიდან გამოსულია ურნებიც. ერთი ურნა 1100 ლარი ღირს. იქ კამერები არაა, რომ დააფიქსიროს ვინ დააზიანა, ზოგმა _ დაწვა,ზოგს _ მანქანა დაეჯახა და დაზიანდა. არის შემთხვევები, როცა ურნა ცარიელია, მაგრამ ხელი რომ არ დაისვარონ და ურნას თავი არ ახადონ, ნაგავს თავზე ადებენ! ამას წინათ, ქალმა ნაგავი დაყარა ასე და ტომარა, რითაც ნაგავი მოიტანა, უკან, სახლში წაიღო. იმედია, უფრო გაითავისებენ, რომ ეზოდან რომ გამოიტანენ ნაგავს, ქუჩაში არ უნდა მიმოაბნიონ და ურნაში უნდა ჩაყარონ”, _ ამბობს კოროშინაძე.
ჩოხატაურის 2024 წლის ბიუჯეტში, დასუფთავება და ნარჩენების გატანა 1 660 000 ლარითაა დაფინანსებული.
პროგრამის აღწერილობა, შაბლონურია, მცირე კორექტივებით: “გახორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, ქალაქში არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების დეზინფექცია, მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თოვლის საფარისგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების გახორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 350 ურნებში და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას მოემსახურება 1 ნაგავმზიდი, ხოლო მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისა და დაბების ტერიტორიიდან გატანას მოემსახურება 2 ნაგავმზიდი. დღეს არსებული სიტუაციით, მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად სუფთავდება 42500 კვ.მ ფართობი, რომელსაც ახორციელებს 18 მეეზოვე. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება”.
რაც შეეხება ლანჩხუთს, ნაგავსაყრელი უკვე წლებია არ არსებობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავებასა და ნარჩენების გატანას, გვითხრეს, რომ სამ ლოკაციაზე _ ფოთის, მერიისა და სამტრედიის ნაგავსაყრელებზე ხდება ნარჩენების გატანა. დასაზუსტებლად, თუ რა თანხას ხარჯავს წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტი ამისთვის, აღნიშნულ სამსახურს მივმართეთ, თუმცა, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და ოფიციალური წერილობითი მიმართვა მოითხოვეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტიდან, დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის პროგრამის დასაფინანსებლად, ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. წლევანდელ ბიუჯეტში კი, შესაბამისი პროგრამა _ დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაფინანსებულია 2,177.4 ლარით.
პროგრამის აღწერასა და მიზანში ვკითხულობთ: “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების გახორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით გახორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯები, ძირითადად, გაიწევა მუნიციპალური ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლებიდან (სესხი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი), ხოლო მიმდინარე ხარჯები, ისეთი როგორიცაა ყოველდღიურად ნარჩენების მოგროვება და გატანა ნაგავსაყრელ პოლიგონზე, ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, კერძოდ, დასუფთავება და ნარჩენების გატანის პროგრამიდან. პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას. დასუფთავების ღონისძიებები ხორციელდება ქალაქ ლანჩხუთის ქუჩებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, 15 ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრებიდან, რომელსაც ემსახურება 34 მეეზოვე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 1040 ურნა, ყოველდღიური დასუფთავების შედეგად, მუნიციპალიტეტიდან გადის 85 კბმ; ნარჩენის გატანა ხორციელდება 13 ნაგავმზიდის მეშვეობით ფოთის, ურეკის და ოზურგეთის (მერის) ნაგავსაყრელზე. ფინანსდება მდინარე სუფსაზე არსებული ნაგავჩამკეტის გაწმენდითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, 2 დღეში ერთხელ, ძრავიანი ნავის საშუალებით ხორციელდება მდინარის გაწმენდა ნარჩენებიდან.
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების გახორციელების მიზნით დამატებით საჭიროა ურნებისა და სპეცმანქანების შესყიდვა”.
აქვე წერია, რომ თუ ამ ორ მილიონ ასი ათას ლარს დახარჯავს, მუნიციპალიტეტი ელოდება შედეგს: “მოსალოდნელი შედეგი: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება”.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქი ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც სრულად არის მოცული ზემოთ ნახსენები პროგრამით და აქ ყველა ქუჩაზეა განთავსებული ნაგვის ურნები. განსხვავებული მდგომარეობაა სოფლებში _ აქ ნაგვის ურნები, ძირითადად, სოფლის ცენტრებსა და იმ ქუჩებზე დგას, რომლებიც ასფალტირებულია.
სწორედ ამ კუთხით აკეთებს აქცენტს “გურია ნიუსთან” საუბარში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი პარტია “ლელოდან” გოჩა ჯანაშია:
“რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გარკვეული წინსვლა შეინიშნება, თუმცა, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. სამწუხაროდ, არის დასახლებები, საიდანაც ნაგვის გატანა ვერ ხერხდება და ბუნებრივია, საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულია ეს საკითხი. ბევრ სოფელში სწორედ ამიტომ ვერ შედის შესაბამისი ტრანსპორტი და იქაურ მოსახლეობას ნაგვის ურნებით სარგებლობის ფუფუნება ჯერაც არ გააჩნია. ეს კი იმდენად გლობალური პრობლემაა, მუნიციპალიტეტს კარგა ხანს გაუჭირდება მისი გადაჭრა. შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნარჩენების გატანის საკითხი ნაწილობრივაა მოგვარებული”, _ ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.
ამირან გიგინეიშვილი, რომელიც ლანჩხუთში არასამთავრობო ორგანიზაციას _ “საქართველოს სასოფლო დარბაზი”_ წარმოადგენს, ნაგვის დახარისხების აუცილებლობაზე საუბრობს:
“მოწინავე ქვეყნებსა და საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში არის დადგმული სხვადასხვა სახის ურნები ცალკე საკვების ნარჩენებისთვის, ცალკე _ პლასტმასის და ასე შემდეგ… ხდება მათი ცალ-ცალკე განაწილება და გადამუშავება. თუმცა, ჩვენთან, ჯერჯერობით ეს არ არის; მეტიც, რატომღაც ისეთი პოლიტიკაა შემუშავებული, რომ სადაც ცუდი გზაა, იქ ურნა საერთოდ არ დგას. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ორი კატეგორიის მოსახლეობა გვყავს _ დაჩაგრული და არადაჩაგრული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკის შეცვლა და ისე გაკეთება, რომ ყველა ქუჩაზე იდგეს ნაგვის ურნა. სხვა შემთხვევაში, ვაწყდებით მეორე პრობლემას _ სტიქიურ ნაგავსაყრელებს… ადრე მდინარეებში იყრებოდა ეს ნაგავი… რაც მეტია არადეგრადირებული ნარჩენი, მით უფრო ბინძურდება გარემო”, _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი და მთავარ გამოსავლად მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს ნარჩენების მართვის სტრატეგია (სტიქიურ ნაგავსაყრელებზე დეტალურად იხილეთ აქ).
.ნინო ჩხობაძის აზრითაც ცალკე დიდ გამოწვევას ქმნის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა რაოდენობა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა:
“რაოდენობრივად, სტიქიური ნაგავსაყრელები კოვიდპანდემიის პერიოდში უცბად გაიზარდა. შარშან, მაგალითად, დაგვიფიქსირდა 1030 სტიქიური ნაგავსაყრელი; ჩვენს ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ სადაც არ არის სერვისის მიწოდება, სტიქიურად წარმოიშობა ნარჩენების პოლიგონი. ბევრი მუნიციპალიტეტი ამას სისტემატურად ებრძვის, ბევრ მუნიციპალიტეტს ძალიან უჭირს. მაგალითად, ჩოხატაურისთვის, სპეცტექნიკა არის ძალიან მძიმე საკითხი.
ჩვენ ახლა, ჩოხატაურთან ერთად, მივიღეთ მონაწილეობა იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტში და ერთი ნაგავმზიდი უნდა ვიყიდოთ, რომელიც მოიცავს ხუთ სოფელს დამატებით, ბახმაროს ჩათვლით. ბახმარო ტურისტული კურორტია, დაწოლა იქ დიდია და სეზონი აქვს ორი. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ სოფლებში იაროს დამატებით ნაგავმზიდმა მანქანამ”, _ ამბობს ჩხობაძე და აღნიშნავს, რომ ტექნიკის გარდა, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის კონტეინერების განთავსება:
“მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის კონტეინერები. მათ შორის, ისეთი კონტეინერები, რომელშიც, მაგალითად, მხოლოდ ბოთლს შეაგროვებენ. მოსახლეობა თვითონ ყრის ამ ბოთლებს. წყაროსთან სეპარირება უნდა დაიწყოს. ოზურგეთმა დაიწყო ექსპერიმენტულად და ვიმედოვნებ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც დაიწყებენ. ლანჩხუთს ჰქონდა საქმიანი ეზოს პრობლემა და მე მარწმუნებენ, რომ წელს საქმიანი ეზო ნარჩენების მართვის საკითხებში იქნება. ამ საქმიან ეზოში შესაძლებელია დამტვირთავი სადგურების მომზადებაც კი იდეაში. პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან გატანის რაოდენობა, სერვისის მიწოდება და სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნა”, _ ამბობს ჩხობაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის დავით ჭაკნელიძის თქმით, “ყველა სოფელში და ქალაქის ტერიტორიაზე ხდება ნაგვის გატანა. ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე და რამდენიმე სოფელში არის ცალკე ნაგვის ურნები, სადაც მხოლოდ პლასტმასის ნარჩენების მოთავსება ხდება”.
გია ანთაძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის” დირექტორი წუხს, რომ მდინარეების დაბინძურება გრძელდება:
“სამწუხაროდ, მდინარეების დაბინძურება ისევ გრძელდება. მიუხედავად მოსახლეობის არაერთი გაფრთხილებისა, ეს საკითხი დღემდე პრობლემურია. ჩვენი სამსახურიდან სისტემატური სამუშაოები მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. სისტემატურად ხდება მდინარის კალაპოტების გაწმენდა. მდინარეების დასუფთავება ხან ტრაქტორით ხდება და ყოფილა შემთხვევები, ჩვენი თანამშრომლები მცირე მდინარეებში შესულან და ხელით დაუსუფთავებიათ. ქალაქის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად სხვადასხვა სახის ნარჩენებს “მოდერნის” და ოზურგეთის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვხვდებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მდინარეებში ნუ ჩაყრიან ნაგავს. ამისთვის არის სანაგვე ურნები დადგმული”.
ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის ნარჩენების სამსახურის უფროსის თემურ ქინქლაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამჟამად აქვს 1740 ცალი ურნა, აქედან, 400 ცალი _ ქალაქის ტერიტორიაზე არის განლაგებული. ნაგავი 11 მანქანით გააქვთ. სავარაუდოდ, მერიის პოლიგონზე.
ქინქლაძის თქმით, ეს ურნები საკმარისი არ არის, “მაგრამ, ყოველწლიურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ურნების საკითხს აგვარებს და ასევე, წელს სამი მანქანის დამატება მოხდება”.
“წინა წელს მოხდა 400 ურნის შესყიდვა და წელს მოხდება ურნების დამატება. ურნების და გადამზიდი მანქანების პრობლემები გვარდება”, _ გვითხრა თემურ ქინქლაძემ.
რაც შეეხება წლევანდელ ბიუჯეტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დასუფთავებისა და გარემოს დაცვისთვის, 4 173 000 ლარს დახარჯავს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “პროგრამის ფარგლებში გახორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობილი და გამწვანებით სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა”.
31 იანვრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი, მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას:
“წელს, ოზურგეთის ბიუჯეტის 11%-ზე მეტი მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ნარჩენების მართვას და კომუნალური სერვისების განვითარებას – ვზრდით დასუფთავების მომსახურების არეალსაც”. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასთან ერთად, მერმა დააანონსა, რომ “დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, საიდანაც მიღებული შემოსავალი ისევ და ისევ სერვისის მიწოდებას და მის გაუმჯობესებას მოხმარდება”.
ნინო ჩხობაძის თქმით, “ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა შვედეთი, რომ ნარჩენების მართვის სისტემა აწყობილიყო. მაგრამ ჯერ კიდევ ასაწყობია. ჩვენი ამოცანაა, რომ გვქონდეს ნარჩენების ნულოვანი განთავსება, სადაც გადაწყდება მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განთავსების პოლიგონის გაკეთება. დიდი მნიშვნელობა აქვს სად გადაწყდება, როგორ გადაწყდება, როგორი იქნება მოსახლეობის მზაობა, აგრეთვე უნდა იყოს ნარჩენების მართვის გეგმები. სამივე მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით, ეს უჭირს. თუმცა, პირველადი მონაცემებით, ნარჩენების მართვის გეგმა გაკეთებულია, გამომდინარე ახალი სტრატეგიის და მოქმედებათა გეგმიდან, რაც აქვს სახელმწიფოს მიღებული”.
რაც შეეხება, ნარჩენების მართვის გეგმას; გეგმა ლანჩხუთის საკრებულომ 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა, ოზურგეთის საკრებულომ _ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო, ჩოხატაურის საკრებულოს კი, ჩვენი ინფორმაციით, გეგმა არ მიუღია.
ამასობაში, ცივილიზებული სამყარო სულ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფოებს:
“ევროკავშირმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ისინი აპირებენ ნულოვანი ნარჩენების პოლიგონების არსებობას მიაღწიონ. ანუ, ისე უნდა დაცალკევდეს ნარჩენი, რომ ყველა უნდა დაექვემდებაროს გადამუშავებას და არ უნდა გავიდეს ნარჩენების პოლიგონზე. ნარჩენების პოლიგონი სათბური ემისიის აირების წარმომქმნელია, რაც საკმაოდ მძიმედ აწვება მოსახლეობას _ ვითარდება ბრონქიალური, ნერვული სისტემის დაავადებები. მოუწესრიგებელი ნარჩენების მართვის სისტემის გამო, გვხვდება ადამიანებში ამდენი ალერგიული პროცესი”, _ ამბობს ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეები _ დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
იქმნება და იწერება გეგმები, სტრატეგიები, კოდექსები, კანონები, სახიფათო და უხიფათო ნარჩენების ნუსხები, იხარჯება ჩვენი, სხვა ქვეყნების გადასახადების გადამხდელების ფული, რესურსები, საქმე კი ძალიან ნელა ან არ მიიწევს წინ. აი, წელსაც, გურიის სამი მუნიციპალიტეტში, რვა მილიონ ლარზე მეტი, დასუფთავებასა და ნაგვის ნაწილობრივ გატანაში დაიხარჯება.
მალე, დაუხარისხებელი ნაგვის დასაყრელად, ქვეყნის ტერიტორიაც კი არ გვეყოფა; პრობლემურია დანაწილებული ნაგვის გამოყენების საკითხიც _ გურიაში მაკულატურის ჩამბარებელს დღესაც ვერ იშოვით, არავინ იბარებს მინის ბოთლებს, მუყაოს… არადა, ნაგავი საკმაოდ ძვირადღირებული რესურსია… როცა ევროპაში თითქმის უნარჩენო გადამუშავებაზე საუბრობენ, სტოკჰოლმში სტუმრად ჩასულს, ნაგვის დამამუშავებელ ულამაზეს ქარხანას გაჩვენებენ, ჩვენს სოფლებში ნაგვის მანქანის გადაადგილების და სასმელ წყალში ჩაჟონილი, ნაგვით ამოვსებული მცირე მდინარეების პრობლემა გვაქვს… წელს ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში სეპარირების გააქტიურების კუთხით ცვლილებები უნდა შევიდეს მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილიდან სახელმწიფო ვერ აგროვებს ნაგავს, ანუ არ ხდება სერვისის მიწოდება!
სამწუხაროდ, ამ “დიდ ნაწილში” გურიის ბევრი სოფელი მოიაზრება!
ლისა კოროშინაძე, რუსუდან ოქრუაშვილი,
სოფო წილოსანი, გიორგი გირკელიძე