“ქართველი კაცი ვენახის შვილია და ვაზია მისი მშობელი. ბევრი შვილი და ვაზის მოვლა-მოყვანის უცილობელი ცოდნა და სიყვარული განაპირობებდა მისი არსებობის წესს. მე ორივე გამოცდა ჩავაბარე და წუთისოფლად ჩემი მოსვლის აზრს ვამართლებ. ახლა მხოლოდ შვილებისა და ვაზის გარემოცვაში ვგრძნობ საკეთებელი საქმის სურნელს და ეს მუდამ მანიჭებს იმპულსს, მეტად ჩავუღრმავდე ვაზის ფესვების არსს, საძირეს ამოუხსნელ საიდუმლოს _ ატარებდეს მარადიული სიცოცხლის უბერებელ უნარს”, _ ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრები ექვსი შვილის მამა, პროფესიით ინჟინერი და მოწოდებით მევენახე გიორგი ლომჯარია, რომელსაც არც ისე დიდი ხანია _ შვიდი წლის წინ გაუჩნდა გურული ვაზის ჯიშების მყნობის და საუკეთესო ნერგების მოყვანის სურვილი.
გურული ვაზის ჯიშების აღდგენის საქმეს ბოლო პერიოდში ბევრი მიუბრუნდა და კარგად დაეუფლა კიდეც მყნობის ხელოვნებას, თუმცა, გოგი ლომჯარიას მიზანი და სურვილი სხვა ფორმატისა იყო _ აუცილებლად უნდა მოეშენებინა ჯერ ველური საძირეები და თავად დაეწყო დასამყნობი კალმების აჭრა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ გურიაში, ძირითადად, ვინც ამ საქმეს ჩაუღრმავდა, დასამყნობად მაინც აღმოსავლეთ საქართველოში მიაქვთ უნიკალური გურული ვაზის კვირტები და უკვე გამზადებული ჩამოაქვთ უკან და რგავენ.
გიორგი ლომჯარიამ კი მიზნად სწორედ საძირეების მოშენება დაისახა და ამ საქმის, ასე ვთქვათ, პიონერიც გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ დღეს იგი ბევრი გურული ჯიშის ვაზს საკუთარ ეზოში გამოყვანილ საძირეებზე ამყნობს და ათასობით ნერგი გამოჰყავს.
საქმეს ასე შეუდგა _ ჯერ საკარმიდამო ნაკვეთში სათითაოდ აჭრა “ადესისა” და “ნოვეს” ნარგაობები და მოამზადა გარემო გურული ვაზის ჯიშების გასაშენებლად. შემდეგ იშვიათ ეკზემპლარად ქცეული წიგნი _ “საქართველოს ამპელოგრაფია” მოიძია და თეორიული ცოდნის შეძენას შეუდგა. პარალელურად, ჩაქვში, საცდელ მეურნეობაში, ვაზის მოვლა-მოყვანის საუკეთესო მცოდნესთან, დავით დუმბაძესთან დაიწყო სიარული, როგორც თავად ამბობს, ვაზის “დედოენის” შესასწავლად. სამი თვის შემდეგ საკუთარი თავი დააჯერა, რომ აუცილებელი რაც იყო, ისწავლა, მერე ღელეების და მდინარეების შემოგარენი მოიარა, ველური ვაზი ბევრგან იპოვა და საძირეებად საკუთარ კარმიდამოში დარგო. ახლა მის საკარმიდამოში ათამდე საძირის წვეროები ლამის ცას წვდება. ასე გაჩნდა მის ირგვლივ უტყუარი სამუშაო გარემო.
დაღამებიდან გათენებამდე ამპელოგრაფიის სახელმძღვანელოსთან იჯდა:
_ ამ წიგნში ჩახედვის გარეშე ტყუილი თამაშია, შეეხო ვაზს, მის მყნობასა და გამრავლებაზე იფიქრო, შეიმეცნო, რომ ვენახის სამშობლოს შვილი ხარ. აქ დეტალურად არის აღწერილი, როგორ აკვირდებოდნენ საქართველოს ყველა კუთხეში გაშენებულ საცდელ ნაკვეთებზე ვაზის სვლას ფესვიდან ჭიგომდე, ჭიგოდან ცისკენ… ვაზის ჯიშების თავისებურებაზე, მის ბოტანიკურ აღწერილობაზე ვაზის კვლევის მეცნიერებმა აქ ჩადეს თითოეული მტევნის, თითოეული მარცვლის ზომაზე, ფოთლების ძარღვების რაოდენობაზეც კი უტყუარი ინფორმაცია. ინტერნეტ სივრცეს როგორ ვენდობი?! ათასი სისულელე წერია! ვაზის ქართული გასხვლის მეთოდიც კი არსებობდა. ცხრილებში უზუსტესად არის მითითებული თითოეული ჯიშის მოვლა-მოყვანის დეტალები _ მაგალითად, “ჯანის” ჯიში მაღალ შტამბზე გაცილებით მაღალმოსავლიანია, _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.
გიორგი ლომჯარია ნებისმიერი ჯიშის ვაზის თავისებურებას ეცნობა, თუმცა, მხოლოდ გურული ჯიშების: ჭუმუტას, საკმიელას, ბათუმურას, ჯანის, კამურის, საკმიელას, ჩხავერის ნერგების მყნობასა და საუკეთესო ნერგების მიღებაზე მუშაობს.
დღევანდელ გურიაში გიორგი ლომჯარია იმ იშვიათ მევენახე კაცს წარმოადგენს, რომელიც, ასე ვთქვათ, ვაზის საძირის ფილოსოფიას დაეუფლა და ურთულეს საქმეს ყოველდღიურად უღრმავდება. ის ახლა მაინც კუსტარულ პირობებში მუშაობს და საკუთარი ხელით აშენებულ სათბურში, სადაც მხოლოდ მინიმალური პირობებია საუკეთესო შედეგის მისაღებად, თუმცა, სასწაულს ახდენს და ასეთ პირობებში მიღებული ნერგების ოთხმოცი პროცენტი გადარჩენილი და საუკეთესო ხარისხისაა.
ნერგების ყიდვის მსურველების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ ვერ ახერხებს ყველას დაკმაყოფილებას. საქმე, რომელიც ნულიდან დაიწყო, რაც საძირის მოშენებას გულისხმობს, ახლა ასეთ პრინციპს ექვემდებარება: საძირე კალმების აღება, დამყნა, სპეციალურ პარაფინში ამოვლება, სტრატიფიკაციის პროცესი, შემდეგ ისევ პარაფინში ამოვლება, პოლიეთილენისგან შეკერილი პარკებში საგანგებოდ შემზადებული მიწა-ნაკელის ჩაყრა, ჩარგვა და სათბურში მოთავსება, რომელსაც ხან შეშის ღუმელით, ხანაც _ ბუნებრივი აირით ათბობს, თუმცა, ვაზის ნერგებთან ლამის ძინავს და დაუჯერებელ შედეგს იღებს _ თითქმის ყველა ნერგი გახარებული ამოაქვს.
_ საძირეებზე დამყნილი ვაზის ოთხმოცი პროცენტის გადარჩენა ზეშედეგია. “საქართველოს ამპელოგრაფიაში” დევს ინფორმაცია, რომ სამოცი-სამოცდარვა პროცენტის გადარჩენა საუკეთესო შედეგია. მე ახლა ათასობით ნამყენი გამომყავს. ჩემნაირი ოცი კაციც რომ მუშაობდეს, ვერ აუთავდება კლიენტს, ისე დაინტერესდა ხალხი გურული ჯიშების გაშენებით. ყველგან დავდივარ, გურული სოფლების შემოვლას უპრობლემოდ ვახერხებ. ბუკისციხეში ვნახე “ბროლას” ჯიში, აჭარულია, სამი სანტიმეტრი სიგრძის ყუნწი აქვს. საკმიელა საოცრებაა. დაკარგულ ჯიშებს _ “თეთრიშას”, “საკმიელას” “სხილათუბანს” და “ბროლას” განსაკუთრებით დავფოფინებ.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საძირის აღებას _ აუცილებლად გვიან შემოდგომაზე უნდა მოხდეს, თბილ ამინდში, როცა ფოთლები მთლიანად დაცვენილი აქვს მცენარეს, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
გიორგი ლომჯარიას გამორჩეული ხელწერა ხშირად პრიმიტიულ ელემენტებსაც შეიცავს, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველაფერი ერთად ამართლებს. მაგალითად, არასდროს არ იყენებს სტიმულატორებს და ყოველთვის ორგანული სასუქით, ძირითადად, ნაკელით შეზავებული მიწითა და სილით ამზადებს საკოშტე მასას. ჰყავს შინაური პირუტყვი და ჯერჯერობით, საკუთარ საკარმიდამოში გაშენებული ჩხავერის ზვარი უხვად აქვს განოყიერებული. მსხმოიარობაც იშვიათია.
_ საქართველოში კი არა, მგონი, ქვეყნიერებაზე არ არსებობს გურულ ჯიშებზე უკეთესი ვაზის სახეობები. საოცრებაა _ ზღვის დონიდან ოთხას, რვაას, ათას ოთხას მეტრ სიმაღლეზეც კი მსხმოიარობის საუკეთესო ხარისხი და რაოდენობა გააჩნია ნებისმიერ მათგანს. ეს ჩემი აზრია და ვერავინ შემიცვლის. ვინც ჩაუღრმავდება ვაზის სიდიადეს, ის უეჭველად იგრძნობს მისი ფესვიდან მოყოლებულ ქართულობას. სასწაულია! გაუსაძლისი შრომა სჭირდება საძირედან დაწყებულ ვაზის “ანატომიას” _ თითებიც შეიწირა, ლამის, პატარა “ჯაყვის” ბასრმა პირმა, მაგრამ არა უშავს _ სისხლი აღარ მდის უკვე. ეტყობა, ვაზის ფოთლების უცნაური ძარღვები შესისხლხორცდა ჩემს ხელებში. ვენახის მოგვარ-მოყვარე ვარ და საძირედან ვიწყებ მის განახლებას, ამიტომ სიძნელეები მოსულა, _ ჩვენი რესპონდენტის ამ მცირე ხუმრობაში იდუმალი სიმართლეც უნდა იდოს.
წინ დიდი და საინტერესო მიზნებია _ გიორგი ლომჯარიამ აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს სასათბურე პირობები. მის მცირე ბიზნესს უდიდესი სამომავლო პერსპექტივა გააჩნია, რის უტყუარი გარანტიც თავად არის, თუმცა, მას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან ყურადღება და საგრანტო პროგრამებში ჩართვა, რაც ხშირად უთანასწორო პირობებში ვლინდება ხოლმე.
_ ახლა მთავარია, გაშენების გარდა, ყველამ ისწავლოს ვაზის მყნობა _ საძირესთან დამოკიდებულება საშვილიშვილო საქმის განმტკიცებას გულისხმობს. ვაზია ჩვენი სამშობლო _ მომძლავრდა გენის ძახილი და ხალხიც დაინტერესდა, თუმცა, მეტი ცოდნის მიღებაა საჭირო.
ნებისმიერი ქართველი კაცი სწრაფად სწავლობს ღვინის დაყენებას. სისხლში გვაქვს და იმიტომ. თუმცა, საფუძვლიანად უნდა მოვიძიოთ და განვაახლოთ უძველესი ჯიშები. უკეთეს საქმეს ვერ წამოვიწყებთ ჩვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად.
მინდა, ყველა დაინტერესდეს საძირე ველური ვაზის გაშენებით, პირველ რიგში, ეს უნდა დაისახოს მიზნად ვენახის მოყვარემ. შენი ხელით დამყნობილს და გაშენებულს რაიმე თუ ჯობს, აგერ, ნახეთ, _ გვეუბნება ის და კიდევ ერთხელ მიგვიძღვება ჩხავერის ზვარში, სადაც მტევნებისგან დაზნექილან ჭიგოები. აქ ჩასვლა წესად აქვს ქცეული, საღამო ხანსაც უნდა მიეფეროს ექვსი შვილის მამა, შვილივით ნაზარდს…
ულევ წარმატებას ვუსურვებთ გიორგი ლომჯარიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი დროის პიონერს ვაზის საფუძვლიანი მყნობის საქმეში.