საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, სისტემატურად ახორციელებენ ღონისძიებებს, რომელიც ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილებას ისახავს მიზნად.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში გამოვლინდა ხის საამქრო, სადაც დასაწყობებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ძვირფასი ჯიშის ხის – კაკლის მასალა, რომელიც გამიზნული იყო იარაღის კონდახის დასამზადებლად. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ხის მასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონოდ მოქმედი ხის გადამამუშავებელი არაერთი საამქრო და ხე – ტყის მასალის უკანონოდ მოპოვება – დამუშავებისა და გადაზიდვის ათეულობით ფაქტი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტების გაყალბების გზით ახდენდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინტენსიურად ახორციელებს ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას.