ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი ეს პრინციპი ირღვევა.
“ამ კანონპროექტის ამ ფორმით კანონად ქცევა ერთია, რომ აზარალებს თვითონ მედიაგარემოს და ცვლის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. როცა წელიწადში 50 მილიონზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან და საუბარია კომერციული რეკლამის დაშვებაზე, მიუღებელია. სადავოა სპონსორობის თენაც, რადგან სპონსორობამ შესაძლოა კომერციული ტიპის გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული ტიპის გავლენებისგან თავისუფალი”,- განაცხადა სულხან სალაძემ.
საია-ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოსაც ეხმიანება და ამბობს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება აუცილებელი იყო. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის ჩაერთოს დიაკუსიაში და მმართველ გუნდთან ერთად განიხილონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
“ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პირობებში ჩნდება კორუფციის რისკები, ასევ, ეს აზიანებს სარეკლამო ბაზარს. ყველა ეს პრობლემური ნორმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოწვევაა. იმედია, პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას”,- აღნიშნა სალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა.
imedinews.ge