ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საიამ 2019 წლის 20 – 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო,_ ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დროს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი.
აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს.






























































