საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომელებიც მის დაკავებაში მონაწილეობდნენ, კეთილგანწყობილები იყვნენ მის მიმართ. როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, დაკავების მომენტში მამაომ სრულიად მოულოდნელად დალოცა, რამაც, მისი თქმით, ძალა შეჰმატა.
“ბინაში ვერ შემოვიდნენ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად გვითხრა, რომ ჩვენი აქტივისტებიც არიან. სამი ნამდვილად ჩვენ მხარეს იყო და ყველა ძალიან ლანძღავდა პოროშენკოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გასაქცევი თვითონ არაფერი აქვთ ამ კორუმპირებულ ტიპაჟებს, ვინც აქ არიან და უბედურებებს სჩადიან. მეორე ხელბორკილი თავად მომხსნეს გათავისუფლების წინ და გათავისუფლებაზე მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
საინტერესო იყო, რომ როცა სახურავზე ვიყავი, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვიყავი, საიდანღაც ამოძვრა მოძრაობის აქტივისტი მღვდელი, ვერ ვიცანი იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ანაფორით დადის. ამოძვრა, ვუთხარი არ მომეკარო-თქო და რას ამბობ, ვერ მიცანი, მღვდელი ვარო. ამოვიდა, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა იქ. იმათ უთხრა, არ მიეკაროთ ხელი არ დააკაროთო. საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ გამოეპარა მათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოეპარათ.
ასე რომ, ჩემი აზრით, სახანძრო კიბით ამოძვრა და ისე გადმოვიდა სახურავზე. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. მინდა ვუთხრა საქართველოში ჩვენს მომხრეებს, ქართველებს, რა თქმა უნდა, უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან, მაგრამ ჩემი გული თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით და ივანიშვილი საერთოდ არავინ არის, ჩვენ თუ მოვინდომებთ თუ ერთად და მაგრად დავდგებით, თუ იმავეს გავაკეთებთ, რაც უკრაინელებმა დღეს გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ ხალხო. მართლაც სადამდე უნდა დაგვამცირონ, სადამდე უნდა გვაპამპულაონ”, _ განაცხადა გადაცემა ,,არჩევანში“ სააკაშვილმა.