თბილისის საქალაქო სასამართლოში, “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდება. დღევანდელ სხდომაზე 2 მოწმე დაიკითხება. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ისინიც სხვა უკვე დაკითხული პირების მსგავსად, ნიკა გვარამიას უდანაშაულობას დაადასტურებენ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, ისევე, როგორც წინა, ყველა შემთხვევაში მოხდა, მოწმეები რეალურად აწვდიან ინფორმაციას, რომელიც არა თუ ადასტურებს, არამედ გამორიცხავს პროკურატურის მიერ წარდგენილ აბსურდულ ბრალდებას”,- ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას.
წყარო: მთავარიტვ