მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილის მოთხოვნას, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის თაობაზე კრიტიკულად აფასებს. როგორც ქუცნაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გამოძიების გარეშე თანამდებობის პირებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არასწორია. ამასთან, ქუცნაშვილი არასამთავრობო სექტორის მოწოდებას წულუკიანის გადადგომის თაობაზე გაჯიუტებული ადამიანების მოთხოვნას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველო ასეთი ადამიანების მძევლად არ უნდა იქცეს.
,,იქამდე, სანამ საგამოძიებო კომისია არ დაადგენს, ვინ ვის აფარებდა ხელს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება თანამდებობის პირების მიმართ ნაადრევია. თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ პროკურატურამ შეგნებულად არასწორად გამოიძია საქმე კი, ბატონო. თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა ფორმალური ნიშნით ნულოვანია. ნუ მოვაქცევთ ქვეყანას გაჯიუტებული მოთხოვნების მძევლად. არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს გაჯიუტებულების მოთხოვნების მძევლის პოზიციიდან, რადგან ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბუნებრივია, მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები არის და ამ პრობლემებს, როგორც იტყვიან, მკურნალობა სჭირდება. თუმცა, სისტემური დანაშაულზე საუბარი გადაჭარბებული შეფასება გახლავთ, იმიტომ, რომ სისტემური დანაშაული ნიშნავს პოლიტიკური ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების შეხმატკბილებულ საქმიანობას მოქალაქის ან გარკვეულ პირთა წრის წინააღმდეგ, რაც 2012 წლის შემდეგ საქართველოში არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატებს, კახა კახიშვილი ცუდი პროკურორი არ იქნება, ისევე, როგორც სხვა კანდიდატები. არიან საქართველოში ისეთი ადამიანები, რომელთა ნდობა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეიძლება“, _ გვითხრა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა, რადგან, მათი თქმით, წულუკიანი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების ერთ-ერთი შემოქმედია. არასამთავრობოების მოთხოვნას, დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული უწოდა.