კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის.
წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია.
კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა.
„ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა.
მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ.
ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა.
პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ.
იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა.
იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს,” _ წერს კონგრესმენი.