საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „Forbes Woman“-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა. Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სტარტაპებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რატომ ეკოსისტემა და რას ცვლის ეს ტერმინი საერთო განტოლებაში; ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა – სახელმწიფოსთვის, მსხვილი/მცირე/საშუალო ბიზნესისთვის თუ სტარტაპებისთვის; რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც დამწყებმა ბიზნესმა შეიძლება თავიდან აიცილოს.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინტერესო შეხვედერების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, მიიღონ ახალი ინფორმაცია, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილება, აღმოაჩინონ დამატებითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შეხვედრა იყო ანა ავალიანის საჯარო ლექცია, რომელმაც საკუთარი და ასევე საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ქართველ სტარტაპებს, მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი. საქართველოს ბანკის მიზანიც სწორედ ესაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს არა მხოლოდ საწყის, არამედ მის შემდგომ განვითარების ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ანა ავალიანი განათლებით ჟურნალისტია. ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც ანა ბეირუთში აკეთებდა, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის 224 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. დღეს ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამას ხელმძღვანელობს. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი. (R)