საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დეპუტატ ლევან კობერიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
უწყების განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ იქცა დეპუტატ ლევან კობერიძის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი.
სამინისტრო მოუწოდებს დეპუტატს, თუ მას აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, უწყებას წერილობით მიმართოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება დეპუტატს სთხოვს, ვიდრე საჯარო განცხადებებს გააკეთებს და უწყების საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს, მიმართოს თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და სამინისტრო მიაწვდის სრულ ინფორმაციას კომპეტენციას ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ არათანამიმდევრული და სიმართლეს მოკლებული დეზინფორმაცია-ბატონმა დეპუტატმა ჯერ აღნიშნული სქემის ამოქმედებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაგვადანაშაულა, შემდეგ პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა და პირიქით, უმოქმედობაში დაგვდო ბრალი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
დარწმუნებულები ვართ, მოსახლეობისთვის ნათელია, რომ დეპუტატს მხოლოდ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის მხარდაჭერის სურვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნული საკითხი უკეთ განვმარტოთ:
საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.
აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. სწორედ ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მოსვლის შემდეგ დაჩქარდა მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს სააგენტოსა და 12 წამყვან ბანკს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა, რომელიც სატესტო რეჟიმში გაეშვება.
პარალელურად, როგორც მინისტრმა, ასევე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გამართეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი უპირატესობები გააცნეს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საკრედიტო-საგარანტიო ფონდის პროექტი არ ამუშავდა, ეს ან ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც კი მივმართავ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ აუთვისებელ 20-მილიონიან საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით 27 ნოემბერს განაცხადა.
დეპუტატს ეკონომიკის სამინისტროს მიმართ პრეტენზიები აგვისტოშიც ჰქონდა, რასაც ასევე მოჰყვა ეკონომიკის სამინისტროს პასუხი.
წყარო: იმედინიუსი