საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.
სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის” გადატანის მცდელობას.
“ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს “თორიუმ 232″, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,”-ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.