დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღვთო ლიტურგია ყველა მართლმადიდებლური ტაძარში აღევლინება.
წმინდა ანდრია, წმინდა მოციქულ პეტრეს ძმა, გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდა, როდესაც უფალმა გამოარჩია და თავისთან იხმო. ამის შემდეგ იგი მაცხოვარს თან ახლდა და მისი ღვაწლის მომსწრე გახდა. იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ სად უნდა ექადაგათ ქრისტიანობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს საქართველოში წამობრძანანება ერგო, მაგრამ მისი მიძინების ჟამი მოახლოებულიყო. ამიტომაც მან თავის წილხვედრ ქვეყანაში წმინდა ანდრია გამოაგზავნა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმინდა ყოვლადქებული მოციქული ანდრია საქართველოში აჭარიდან შემოვიდა და ქრისტიანობა იქადაგა. მან მრავალი გაჭირვება დაითმინა, უამრავი წარმართი ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცია და არაერთი სასწაული აღასრულა. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას ,სადაც ნეტარმა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა. სოფელ დიდ აჭარაში დღემდე შემორჩენილია ამ ტაძრის ნანგრევები. წმინდანმა აჭარის შემდეგ იქადაგა აწყურშიც, სადაც პატარა სამლოცევლო აუგია. შემდეგ მან ღვთის სიტყვა კლარჯეთში, კოლაში,ა რტაანსა და პართეთში გაავრცელა ,რის მერეც სომხეთში გადავიდა და იერუსალიმში დაბრუნდა. მოგვიანებით წმინდა ანდრია პირველწოდებული მოციქულებთან სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად ისევ ჩამობრძანდა საქართველოში და ამჯერად ქრისტიანობა სამეგრელოში, სვანეთსა და დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაავრცელა. საქართველოდან წასული წმინდანის გზა დღევანდელ კიევამდე გაგრძელებულა. მას ჭეშმარიტი რჯული სკვითებისთვისაც უქადაგია. ბოლო ქალაქი, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა გაავრცელა, პეტრა იყო. ამ ქალაქში წმინდანი ხელისუფალ ეგატის ბრძანებით აწამეს. მოციქული სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. მისი წმინდა ნაწილები თავდაპირველად ქალაქ პეტრაში იყო დაბრძანებული, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
საქართველოში წმინდა ანდრიას პირველწოდებულის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ _ 13 დეკემბერსა და 12 მაისს აღინიშნება.