საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. ისრაელში ჩასვლას და დასაქმებას ჯამში საქართველოს 1000-მდე მოქალაქე შეძლებს.
სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505.