ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით „დაზარალებულთა კვირეული” იმართება.
კვირეული დაზარალებულის უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-ატაშე კრისტინ რობერტსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე მონაწილეებმა იმ სირთულეების შესახებ იმსჯელეს, რომლებსაც სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულები აწყდებიან. ასევე ისაუბრეს დაზარალებულთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების, საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკისა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გამართული კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან, გაიმართება ოჯახში ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის შემდგომ დამსწრეები ფილმში დანახულ პრობლემებზე იმსჯელებენ; ასევე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლური ლენტებით დაირგვება ხეები, დაჯილდოვდებიან ოჯახში ძალადობის თემაზე გადაღებული ვიდეო-რგოლების ავტორები, მოეწყობა ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. კვირეული ლისის ტბაზე დასრულდება, სადაც გაიმართება დაზარალებულთა მხარდამჭერი მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროკურორები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ყველა იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება აქვთ დაზარალებულებთან.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს დაზარალებულთა კვირეულის დაგეგმვის პროცესში გაწეული ინტელექტუალური და ფინანსური დახმარებისთვის.